რუსეთის ხელისუფლებამ 16-17 ნოემბრის ღამეს ყირიმის ხიდზე მორიგი სარაკეტო დარტყმისა და მასზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ განაცხადა.

„მტერმა ყირიმის ხიდს კვლავ შეუტია. ამჟამად მოძრაობა შეჩერებულია. ვთხოვთ ყირიმის მცხოვრებლებსა და სტუმრებს, თავი შეიკავონ ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან და მგზავრობის დაგეგმვისას გაითვალისწინონ ეს შეზღუდვები”, – აცხადებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ყირიმში.

“უკრაინსკა პრავდას” ინფორმაციით, მანამდე გამოცემა Krymsky Veter იუწყებოდა ქერჩის ხიდთან მომხდარი ძლიერი აფეთქებებისა და სარაკეტო საფრთხის გამოცხადების შესახებ.

რუსულმა მედიასაშუალება Astra-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად ყირიმის ხიდის ორი თაღიდან ერთ-ერთი დაზიანდა, “მედუზას” ცნობით კი ჩამოინგრა.

ხიდი უკრაინელებმა წინა დღითაც დაბომბეს. 16 ნოემბრის დილით რუსეთის მიერ ყირიმში დანიშნულმა ხელისუფლებამ ყირიმის ხიდზე დარტყმის შესახებ განაცხადა, რასაც გადასასვლელზე მოძრაობის შეზღუდვა მოჰყვა.საღამოს რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილზე მოძრაობა რევერსული რეჟიმით აღდგა.

რუსეთმა, რომელმაც 2014 წელს უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოახდინა, მოგვიანებით ქერჩის სრუტეზე უკანონოდ ააშენა ხიდი. ყირიმის ხიდს აქვს ორი გადასასვლელი (საავტომობილო და სარკინიგზო), რომლებიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს.

უკრაინამ არაერთხელ გაუსვა ხაზი ამ გადასასვლელის უკანონობას და განაცხადა, რომ ის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.

ყირიმის ხიდზე სულ მცირე ორი წარმატებული თავდასხმა განხორციელდა. პირველი შეტევა ყირიმის ხიდზე 2022 წლის 8 ოქტომბრის დილით, ვლადიმერ პუტინის 70 წლის იუბილეს მეორე დღეს მოხდა. მაშინ ფოლგაში შეფუთული ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული სატვირთო მანქანა აფეთქდა.

მომდევნო დღეს რუსულმა გამოცემა Meduza-მ 2022 წლის 8 ოქტომბრის აფეთქების შედეგად დაზიანებულ ყირიმის ხიდს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ადგილი უწოდა – გავრცელებული ინფორმაციით, მას იცავდნენ ხმელეთიდან, ციდან, ზღვიდან, წყალქვეშ და კოსმოსიდანაც კი.

ხიდზე მეორე დარტყმა უკრაინამ 2023 წლის 16-17 ივლისის ღამეს საზღვაო ზედაპირული დრონებით განახორციელა ოპერაციის ფარგლებში, რომელსაც დრონების სახელის მიხედვით Sea Baby („ზღვის ბავშვი“) ეწოდა.