სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, საქართველოში ათობით რეგიონის შემოვლის შემდეგ, ბრიუსელში ჩავიდნენ.

დღეს, 16 ნოემბერს, გაიმართა ქართულ-ინგლისურ ენოვანი პრესკონფერენცია, სადაც ჩამოსვლის მიზეზებსა და გეგმებზე ისაუბრეს.

“გვინდა უშუალოდ ჩვენგან გაიგონ ევროპარლამენტარებმა თუ სხვა წარმომადგენლებმა რა გამოვიარეთ სინდისის პატიმრების ოჯახებმა. იმედი გვაქვს, მსოფლიო მოგვისმენს და დაინახავს თუ რა ხდება დღეს საქართველოში”, – ამბობს მარინა კაცია, სინდისის გათავისუფლებული პატიმრის, ნიკა კაციას, დედა.

რამდენიმე დღის განმავლობაში, ისინი საქმიან შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, ასევე შეხვდებიან სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.

“პირადად უნდათ მოუყვნენ თავიანთი ბრძოლის შესახებ, შვილებისა და ოჯახის წევრების საქმეების შესახებ და გადასცენ საქართველოში არსებული მდგომარეობა, ის თუ რა რეპრესიების გამოვლა უწევს ყველას”,  – აცხადებს დამოუკიდებელი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, რომელიც უკვე მეორე წელია სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს რეგიონებში გასვლებსა თუ სხვა აქტივობის დაგეგმვაში ეხმარება.

მისივე თქმით, მთელს ამ პროცესში უდიდესი წვლილი აქვს, საქართველოს მოქალაქეებისა და ემიგრანტების მხარდაჭერას, რომლებიც ხშირად უანგაროდ მასპინძლობდნენ პატიმრების ოჯახის წევრებს, ეხმარებოდნენ ფინანსურად ან უკეთებდნენ სხვადასხვა სახის შეღავათს. 

“დიდი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის, ყევლას, ვინც ამ საორგანიზაციო საკიტხებში გვეხმარებოდა, ტრანსპორტს უზრუნველყოფდა, საგზალს გვიმზადებდა, გაზეთების ბეჭდვისთვის შემოწირულობას აკეთებდა, შეღავათებს გვიკეთებდა. მადლობა მინდა ვუთხრა მოხალისეებს, აქტივისტებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მასპინძლებს, რომლებიც რეგიონებში ღმის გასათევს გვითმობდნენ”, -აცხადებს თეონა ჭალიძე.


შეგახსენებთ, რომ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში, პროპაგანდასთან საბრძოლველად, საქართველოს მასშტაბით რეგიონებში ავრცელებდნენ პატიმრების წერილებსა თუ სასამართლოზე წარმოთქმულ საბოლოო სიტყვებზე დაფუძნებულ გაზეთებს “თავისუფლების ხმა ციხიდან” და “საკანი 101”, ხვდებოდნენ მოქალაქეებს და უყვებოდნენ თავიანთი შვილების საქმეების შესახებ.

ვცლად იმაზე თუ როგორ შეიცვალა პატიმრების ოჯახების ცხოვრება შეგიძლიათ გაეცნოთ “ნეტაგზეთის” სპეციალურ რეპორტაჟში: https://netgazeti.ge/news/feature-story/821878/