დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა კომპენსაციის პროგრამის ბიუჯეტი 60 მილიონიდან 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა. პროგრამით თავდაპირველად დაახლოებით 6 ათასი ადამიანის დაკმაყოფილება იგეგმებოდა, თუმცა ფულადი დახმარების მიღების სურვილი თითქმის 40 ათასმა ადამიანმა გამოთქვა.
სააგენტოს განმარტებით, მაღალი მოთხოვნის გამო ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო. წლის ბოლომდე დახმარებას დაახლოებით 11 ათასი დევნილი მიიღებს. პირველ ეტაპზე თანხა იმ პირებს ჩაერიცხებათ, რომლებმაც განაცხადები პირველივე დღეს შეიტანეს. დანარჩენი განმცხადებლების დაკმაყოფილება 2027 წლის დასაწყისში იგეგმება.
ამ ეტაპზე სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ცნობითვე, ადგილზე ამოწმებენ განაცხადებში მითითებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. უწყების ინფორმაციითვე, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მონიტორინგი დასრულებულია, თბილისში კი ჯერ არ დაწყებულა. პირველი ჩარიცხვები დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
დევნილებისთვის ერთჯერადი, 10 000-ლარიანი ფულადი დახმარების პროგრამა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის ოქტომბერში დააანონსა. პროგრამა იმ დევნილებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სახელმწიფოსგან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღიათ. განაცხადების მიღება იუსტიციის სახლებში 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
მთავრობის მიერ თავდაპირველად დაანონსებული პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 58 მილიონი ლარი იყო. სააგენტოს ახლანდელი განმარტებით, გაზრდილი მოთხოვნის გამო დაფინანსება 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, დღეს აფხაზეთიდან დევნილი 35 000-მდე ოჯახი იმყოფება გრძელვადიანი განსახლების მოლოდინში.
