კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პატიმარი დავით ფეიქრიშვილი ამ დროისთვის  სტაციონარშია მოთავსებული და სტაციონარულ მკურნალობას კლინიკის პირობებში გადის.

„მას გაუკეთდა ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება და ახლა უტარდება შესაბამისი მკურნალობა“, – განუცხადა ნეტგაზეთს ზურაბ ჩხაიძემ.

რა სახის დაზიანებები ჰქონდა „ვივა მედში“ შეყვანისას დავით ფეიქრიშვილს, ამის შესახებ ზურაბ ჩხაიძე არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არაა. მისი თქმით, ყველა ინფორმაცია გადაცემული აქვს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს.

დავით ფეიქრიშვილი, რომელიც გლდანის მე-8 დაწესებულების პატიმარია, „ვივა მედში“ გუშინ, 20 ოქტომბერს, გადაიყვანეს.

გუშინ ზურაბ ჩხაიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ პატიმარ ფეიქრიშვილს ზემო კიდურების ტრავმული დაზიანებები და  მოტეხილობა ჰქონდა, ასევე აღენიშნებოდა ხელებზე ნაკვეთი ჭრილობები.

დავით ფეიქრიშვილი „ვივა მედში“ წინა  დღეს, 19 ოქტომბერსაც იყო გადაყვანილი, თუმცა მალევე გლდანის ციხეში დააბრუნეს.

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის- ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“). ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც. ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა.

თუმცა პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.


ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები  ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.

ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.

ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.