საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს “ბიტექსჩეინჯის” ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

გასათვალისწინებელია, რომ ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.

ამდენად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებების შესწავლა და გამოძიების შედეგების შესახებ, საზოგადოებას ეცნობება დამატებით”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის 21 სექტემბერს დანიშნა. ყეინიშვილამდე საკანონმდებლო ორგანომ იმავე თანამდებობაზე გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები დაიწუნა.

პროცესს წინ ე.წ. ფარცხალაძის სკანდალი უძღოდა. 2023 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ეროვნული ბანკი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ თავისივე ბრძანებულებაში ცვლილება შეიტანა და სანქციების აღსრულების ვალდებულება კომერციულ ბანკებს საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ დააკისრა. კომერციულმა ბანკებმა განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ თავად სანქციებს დამოუკიდებლად აღასრულებდნენ. პანიკის ჩასაცხრომად და კურსის ცვლილების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე $65 მლნ-ის მოცულობის რეზერვის გაყიდვა მოუწია. მაშინ პროტესტის ნიშნად თანამდებობები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმა: არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ, აგრეთვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შემდეგ დაინიშნა ყეინიშვილი.