აზერბაიჯანმა 2026 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში 12.6 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43-ჯერ მეტია. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ექვს თვეში უკრაინაში აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობა 290 ათასი დოლარი იყო.

ამასთან, სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

უკრაინული მედიის ცნობით, აზერბაიჯანი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერაშიც მონაწილეობს. 2022-2025 წლებში ბაქომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 42 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო.

2025 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის საფუძველზეც ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონი დოლარი გამოეყო. თანხა საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებულ უკრაინულ რეგიონებში ენერგომომარაგების აღდგენას უნდა მოხმარებოდა.

თუმცა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის საგადასახდელო ბალანსის ანგარიშში უკრაინაში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2025 წლისთვის მხოლოდ 290 ათასი დოლარია. გამოცემა აღნიშნავს, რომ საჯარო მონაცემებით შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა, რა წყაროდან და რა ფორმით გადაირიცხა უკრაინაში სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა.

უკრაინაში აზერბაიჯანული კომპანიების ინტერესების შესახებ ივლისში „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში უკრაინის ელჩმა აზერბაიჯანში, იური გუსევმა ისაუბრა. მისი თქმით, აზერბაიჯანული კომპანიები დაინტერესებული არიან უკრაინის ენერგეტიკის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, ლოგისტიკის, აგროსამრეწველო სექტორისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროებით.

გუსევის განცხადებით, აზერბაიჯანი უკრაინის აღდგენაშიც მონაწილეობს. მისი თქმით, აზერბაიჯანისა და სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მხარდაჭერით, ქალაქ ირპენში აღადგინეს პოლიკლინიკა და აკადემიკოს ზარიფა ალიევას სახელობის ჰუმანიტარული ლიცეუმი „ლინგვისტ“. ელჩის ინფორმაციით, ამჟამად ირპენის თემისთვის ოთხ ახალ სოციალურ პროექტზე ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, როგორც meydan.tv წერს, აზერბაიჯანის ინვესტიციები სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა: გაერთიანებულ სამეფოში – 64.75 მილიონიდან 329.19 მილიონ დოლარამდე, თურქეთში -3.4-ჯერ, 603.76 მილიონ დოლარამდე, საქართველოში – 47.7%-ით, 114 მილიონ დოლარამდე, აშშ-ში – 31.3%-ით, 102 მილიონ დოლარამდე, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – 72.8%-ით, 270.07 მილიონ დოლარამდე.