ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის წარმომადგენელი ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დაკავშირებით გააკეთეს.

კერძოდ, შალვა პაპუაშვილმა კითხვები დასვა იმასთან დაკავშირებით, თუ „რა თანხებით“ და „ვისი დაფინანსებით“ მონაწილეობდნენ ვარშავაში მიმდინარე ეუთოს კონფერენციაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის – „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია და საიას ხელმძღვანელი თამარ ონიანი.

„რა თანხებით დადიან და ვინ აფინანსებს? ჩვენ გამჭვირვალობის რეესტრში მათი ორგანიზაციები და გამჭვირვალობა არ გვინახავს. თუ ამას სახელმწიფოს არ უმხელენ, ეს იმას ნიშნავს, რომ „შავი ფულით“ ფინანსდებიან. ესეც დასტურია იმისა, რომ საქართველოში „შავი ფულით“ სხვადასხვა, მათ შორის ევროპული სტრუქტურებიდან ორგანიზაციების დაფინანსება ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 7 ოქტომბერს.

დღეს, 8 ოქტომბერს, ვარშავაში მიმდინარე კონფერენცია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის წარმომადგენელმა სწორედ ამ განცხადებაზე პასუხით გახსნა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეახსენა, რომ ეუთოს ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უსაფრთხო მონაწილეობა, ყოველგვარი საპასუხო ზომების გარეშე, ორგანიზაციის მთავარი ფასეულობაა.

„დღეს ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის მეოთხე დღე იწყება. შვეიცარიის თავმჯდომარეობას სურს, შეახსენოს ყველა მონაწილეს ამ შეხვედრის ქცევის კოდექსი და მოგიწოდებთ, გაეცნოთ მას ღონისძიების ვებგვერდზე. ისეთი პლატფორმის უზრუნველყოფა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ მონაწილეობა და ჩართულობა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებთან და აღმასრულებელ სტრუქტურებთან ერთად, ეუთოს ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა. მათ ამის გაკეთება ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე უნდა შეეძლოთ.

ეს აუცილებელია ეუთოს ინსტრუმენტების ფუნქციონირებისთვის. შეშფოთებული ვართ ქართველი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ ამ კონფერენციაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქმული კომენტარებით, აგრეთვე, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის მონაწილე სხვადასხვა უფლებადამცველისგან მიღებული ცნობებით. გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეუთოს ღონისძიებებში უსაფრთხო მონაწილეობა, ყოველგვარი საპასუხო ზომების გარეშე“, – განაცხადა შვეიცარიის წარმომადგენელმა.

5 ოქტომბერს ეუთოში, ადამიანური განზომილების (human dimension) ყოველწლიურ ღონისძიებაზე, „საფარის“ დირექტორმა ბაია პატარიამ საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლა გააპროტესტა ბანერით — „გაათავისუფლეთ ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი“.

„საქართველოს წარმომადგენელიც გამოვიდა სიტყვით, რასაც თან ახლდა ჩემი მხრიდან მშვიდობიანი, უხმო პროტესტი — დაშვებული ეუთოში წინასწარი შეტყობინების საფუძველზე. ყველგან, სადაც ვიქნები მთავრობასთან ერთად, შევახსენებ, რომ ციხე სავსეა პოლიტიკური პატიმრებით და ამას არასდროს შეეგუება ქართველი ხალხი.

გერმანიამ, სლოვენიამ და სხვა არაერთმა სახელმწიფომ საქართველოს პირდაპირ მოუწოდა, შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები და შეწყვიტოს მედიის, პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების დევნა. ამ ფონზე სასაცილოა, რომ საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობაზე „ჩალიჩობს”, (სხვა სიტყვა ამ პროცესს არ უხდება). ასეთია ივანიშვილის ქოცნება, ყველასგან უნდა ბენეფიტები, ფული, პატივი, ძალაუფლება და არცერთ მოვალეობას არ ასრულებს თვითონ, პირიქით, აუარესებს ყველაფერს“, — დაწერა ბაია პატარაია.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია, 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდეს. თუმცა, გამოცემა Rapporteur-ის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები მხარს არ უჭერენ ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 2027 წლისთვის საქართველომ ეუთოს თავმჯდომარეობაზე განაცხადი შეიტანა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი აქვს.