სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმებისა“ და ოპოზიციური ფრაქციის, „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი იყო სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში არსებული კრიზისის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა. ოპოზიციური ძალები კომისიის შექმნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.

სომხური მედიის შესაბამისად, ვითარება პარლამენტში ხელახლა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი პარტიის დეპუტატმა ტარონ ჩახოიანმა კათალიკოს გარეგინ II მოიხსენია მისი საერო სახელით, კტრიჩ ნერსისიანით,  და განაცხადა, რომ „ვერავინ და ვერაფერს დაუსხლტება“, მათ შორის „მევახშეობით დაკავებული კტრიჩ ნერსისიანი“.

ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად მაგიდებზე დაიწყეს ხელების დარტყმა, რასაც კვლავ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა სხდომაზე მეორე, დაუგეგმავი შესვენება გამოაცხადა.

ინციდენტი სხდომათა დარბაზში არ დასრულებულა. NEWS.am-ისა და Factor-ის ინფორმაციით, შესვენების შემდეგ დეპუტატებსა და „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის დერეფანშიც გაგრძელდა. სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ახალი ტალღის თავიდან აცილება შეძლეს.