სინდისის პატიმარ საბა სხვიტარიძის ცნობით, რუსთავის მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია.
„პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. გუშინ ჩემს საკანთან პატიმარი სცემეს — მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით, სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არის გადაყვანილი.
პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო — ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია, საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, — აცხადებს საბა სხვიტარიძე, რომელიც სასჯელს რუსთავის მე-6 ციხეში იხდის.
რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარება დაძაბულია მას შემდეგ, რაც პატიმარმა გიორგი დავითაძემ ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა. პატიმრების ნაწილი, ვინც დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა, დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს. ადვოკატ დარეჯან სულაშვილის განცხადებით, 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, რასაც პენიტენციური უარყოფს.
პაატა სალიას განცხადებით, “გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში”. ამაში “ოცნების” მინისტრი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ “დაუდასტურებელ ბრალდებებს” გულისხმობს, რომლის “ფაქტადაც წარმოჩენას” ცდილობენ.
„ეს განცხადებები რაც კეთდება, შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს”, – განაცხადა პაატა სალიამ.
მან ასევე მოუწოდა, მათ შორის პენიტენციური სისტემის “შიგნით” მყოფ ადამიანებს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რაც გათვლილი იქნება უწყების დესტაბილიზაციისაკენ.
