tsikhe
მასალა განახლებულია.

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ადასტურებენ სუიციდის ფაქტს. შემთხვევა პარასკევს, 2 ოქტომბერს მოხდა.

„ტვ პირველი“ ამბობს, რომ გარდაცვლილი 42 წლის კაცია. პატიმრის მამიდას, ვალიდა გულედანს ეჭვი შეაქვს თვითმკვლელობის ვერსიაში:

„პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია… იძახიან, რომ თავი მოიკლაო. […] თავს არაფრით არ მოიკლავდა. […] თავი არ უნდა მოეკლა, რატომ მოიკლავდა?! 3 წელიწად-ნახევარი ციხეში იყო და არ მოუკლია და ახლა 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა თავს?“ – ამბობს „ტვ პირველთან“ მამიდა.

განახლება: მოგვიანებით მამიდამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში დააზუსტა, რომ კაცს ე.წ. „უდოს“ კომისიისთვის ჰქონდა მიმართული (სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია) და იმედი ჰქონდა, რომ ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებდა. მას მისჯილი წლებიდან წელზე მეტი ჰქონდა მოსახდელი.

„ნეტგაზეთს“ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა – უწყებაც ამბობს, რომ პატიმრის სასჯელის დასრულების თარიღი 2028 წელი იყო. მათივე ცნობით, კაცი 20-კაციან საკანში იხდიდა სასჯელს:

„2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2023 წლიდან (სასჯელის დასრულების თარიღი – 2028 წელი) იმყოფებოდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში. გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში.

პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და გამოძიებისთვის უკვე მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მასალა“.