ლარი იუბილარია.
1995 წლის 2 ოქტომბერს კუპონი ახალმა ეროვნულმა ვალუტამ, ლარმა ჩაანაცვლა.
სამ ათეულ წელიწადში ლარმა საკუთარი ღირებულების 83% დაკარგა. ის, რისი შეძენაც 1995 წლის ოქტომბერში 100 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 597 ლარი სჭირდება, უკუგადათვლით, იმ პროდუქტებისა და მომსახურების შესაძენად, რისთვისაც დღეს 100 ლარია საჭირო, 31 წლის წინ 17 ლარიც საკმარისი იქნებოდა.
ლარის კურსი დოლართან მიმართებით, მისი ემისიის მომენტში, 1.30-ით განისაზღვრა, რაც კუპონის კურსიდან გამომდინარეობდა, მას 6 ნული ჩამოშორდა. ლარამდე დოლარი 1.3 მლნ კუპონი ღირდა.
31 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა რამდენჯერმე მკვეთრად გაუფასურდა, თუმცა დენომინაციის საჭიროება არ დამდგარა. ზოგადი გაუფასურების ტენდენციის მიუხედავად, იყო გამყარების პერიოდებიც. ყველაზე მეტად ის 1996 წლის იანვარში 1.23-მდე გამყარდა, გაუფასურების პიკს კი 2020 წლის მარტში მიაღწია, როცა ოფიციალური კურსი 3.48-ს შეადგენდა. თუ წლიურ საშუალოს ავიღებთ, 1996 წელს კურსი 1.26-ს შეადგენდა, 2021 წელს – 3.22-ს.
1995-2003 საშუალო გაცვლითი კურსი 1.73-ს შეადგენდა, თუმცა უფრო სწორიი ქნებოდა მისი ორ ეტაპად დაყოფა. 1995-1998 წლებში კურსი 1.30 იყო, 1999-2003 წლებში- 2.08. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, 2004-2012 წლებში, კურსმა საშუალოდ 1.72 შეადგინა, ქართული ოცნების დროს- 2.57.
ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსზე ბევრი შიდა და გარე პოლიტიკური თუ მაკროეკონომიკური ფაქტორი მოქმედებდა. რომელთაგანაც შეიძლება რამდენიმე ძირითადი გამოიყოს:
- 1998 წელი – რუსეთის დეფოლტი და რუბლის ვარდნა. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველო ეკონომიკურად რუსეთზე ძლიერად იყო დამოკიდებული. აგვისტოში რუსეთში დოლარი 3.5-ჯერ, 6-დან 20 რუბლამდე გაძვირდა. რუბლის ვარდნამ გავლენა ლარზეც იქონია. თუ 1998 წლის სექტემბერში კურსი 1.36-ს შეადგენდა, დეკემბერში 1.71 გახდა, 1999 წლის თებერვალში კი- 2.27;
- 2004-2008 წლები. 2004 წლიდან აგვისტოს ომამდე ლარი სტაბილურად მყარდებოდა, რასაც ეკონომიკური ზრდა, ვალუტის შემოდინება და პოლიტიკური ნებაც უწყობდა ხელს. ომამდე კურსი 1.40-ს შეადგენდა. 1998 წლის შემდეგ ლარი დოლარის მიმართ ასეთი მყარი აღარ ყოფილა, კურსი ნოემბრამდე შენარჩუნდა, თუმცა წლის ბოლოს დოლარი უკვე 1.66 ლარი ღირდა;
- 2014-2015 წლები. შემცირდა ექსპორტი და ფულადი გზავნილები. გარდა ამისა, დოლართან მიმართებით საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების თითქმის ყველა ვალუტა გაუფასურდა.;
- 2020 წელი – პანდემია, კოვიდრეგულაციები და პანიკა. ლარის კურსი 3.00-იან ნიშნულს პირველად 2020 წლის მარტში გადასცდა და რეკორდიც მაშინ მოხსნა, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.48-ს გადააჭარბა. წლიურ ჭრილში კი გაუფასურების რეკორდი 2021 წელს მოიხსნა;
- 2022-2023 წლები. პანდემიის დასრულებას და სავალუტო შემოდინებებს, მხოლოდ 2022 წელს, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 5-ჯერ, $400 მლნ-დან $2 მლრდ-მდე გაიზარდა, რასაც ლარის გამყარება მოჰყვა.
გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ლარის კურსი და ინფლაცია ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული არაა. კურსის ცვლილება იმპორტირირებლი პროდუქციის ფასზე, ცხადია, გავლენას ახდენს, მაგრამ სამომხმარებლო ფასებზე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც მოქმედებს.
2015 წელს ლარი დოლართან მიმართებით 29%-ით გაუფასურდა, წლიურმა ინფლაციამ კი მხოლოდ 4% შეადგინა. რადგანაც იმავე პერიოდში, ლარის გარდა, ევროც გაუფასურდა, რუსული რუბლიც, აზერბაიჯანული მანათიც, თურქული ლირაც და ჩინური იუანიც, საქართველოს იმპორტი 29%-ით არ გაძვირებია.
2022 წელს ლარი 9%-ით გამყარდა, მაგრამ იმავე წელს ინფლაციამ 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ, 11.9%-იან მაჩვენებელს მიაღწია. ამ შემთხვევაში ინფლაციის ძირითადი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის გამო ენერგომატარებლების გაძვირება და ტრანსპორტირების ხარჯის მატება გახდა.
ეროვნული ბანკის მთავარ ამოცანას, ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, ფასების სტაბილურობა (ინფლაციის კონტროლი) შეადგენს და არა კურსის დაჭერა.
90-იან წლებში საქართველომ ჰიპერინფლაცია გამოიარა. 1992 წელს სამომხმარებლო ფასები 1200%-ით, 1993 წელს -8900%-ით, 1994 წელს კი კიდევ 6400%-ით გაიზარდა. 1995 წელს ინფლაციის განაკვეთი 162%-მდე შემცირდა. საქსტატს იმ დროის მონაცემები თვეების მიხედვით არ გააჩნია, თუმცა ინფლაციის კალკულატორით დგინდება, რომ ოქტომბრიდან დეკემბრამდე სამომხმარებლო ფასები 3.6%-ით იყო გაზრდილი.
ლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილება. 10.1995=100
წყარო: სავალუტო ფონდი და ეროვნული ბანკი
გრაფიკიდან ირკვევა, რომ 31 წელიწადში სამომხმარებლო ფასები 497%-ით არის გაზრდილი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმ პროდუქტებისა და მომსახურების შესაძენად, რისთვისაც 1995 წლის ოქტომბერსი 100 ლარი იყო საკმარისი, 2026 წლის ოქტომბერში 597 ლარის გადახდა გახდა საჭირო, უკუგადათვლით კი ამჟამინდელი 100 ლარი მსყიდველუნარიანობით 1995 წლის 17 ლარს უთანაბრდება.
2006 წლიდან ლითონის 1 და 2- ლარიანები მოიჭრა. ქაღალდის 1 და 2- ლარიანები დღემდე გადახდის კანონიერ საშუალებად ითვლება, თუმცა ბრუნვაში აღარაა. ნაღდი ანგარიშსწორებისას აღარც 1 და 2- თეთრიანები გამოიყენება.
2007 წელს ბრუნვაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამოსახულებით 200- ლარიანიც გაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ 200- ლარიანის გამიშვების შემდეგ სამომხმარებლო ფასები გაორმაგდა, მისი გამოყენება დღეს უფრო დაბალია.
2015 წლიდან ლარის სიმბოლო – ₾ დაკანონდა. ასევე 2015 წლიდან ახალი დიზაინის კუპიურები გაეშვა მიმოქცევაში. ეტაპობრივად 5, 10, 20, 50და 100 -ლარიანები განახლდა.
1995 წელს 500- ლარიანიც დაიბეჭდა, თუმცა მიმოქცევაში არ გაუშვიათ.
