აშშ და სომხეთი გადადიან კრიტიკული მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში გაფორმებული შეთანხმების განხორციელების პრაქტიკულ ეტაპზე. ამის შესახებ 30 სექტემბერს სომხეთში აშშ-ის საელჩომ განაცხადა.

საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ბიზნეს-საკითხთა ბიუროს ენერგომომარაგების ჯაჭვების ოფისის დირექტორი პოლ ჰუპერი სომხეთის მთავრობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე განიხილეს სომხეთის სამთო სექტორის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე აშშ-ის შესაძლო ტექნიკური დახმარების მიმართულებები.

ეს შეხვედრები 26 მაისს გაფორმებული აშშ-სა და სომხეთის ჩარჩო-მემორანდუმის გაგრძელებაა. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას კრიტიკული მინერალებისა და იშვიათმიწა ელემენტების მოპოვებაში, გადამუშავებასა და მიწოდების უსაფრთხო ჯაჭვების შექმნაში. მხარეები ასევე გეგმავენ ინვესტიციების, ტექნოლოგიების გადაცემისა და სომხეთში გადამუშავების შესაძლებლობების განვითარებას.

მემორანდუმის მიხედვით, აშშ-სა და სომხეთს სურთ, ერთობლივად შეარჩიონ პროექტები, რომელთა ფარგლებში სომხეთში შესაძლებელი იქნება მინერალების მოპოვება, განცალკევება, გადამუშავება და დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს გეოლოგიური მონაცემების გაცვლას, ტექნიკური და პროფესიული უნარების განვითარებას და სომხეთის სამუშაო ძალის გადამზადებას. მემორანდუმი იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება არ არის.

რატომ არის ეს აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი

კრიტიკული მინერალები თანამედროვე ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და თავდაცვის ინდუსტრიისთვის აუცილებელი ნედლეულია.  ბოლო პერიოდში აშშ-ის ადმინისტრაცია განსაკუთრებით ცდილობს მათი მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირებას და უცხოელ მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირებას.

ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წლის აპრილში დაიწყო გამოძიება იმ რისკებზე, რომლებიც აშშ-ის უსაფრთხოებისთვის იმპორტირებულ კრიტიკულ მინერალებზე დამოკიდებულებას უკავშირდება. 2026 წლის იანვარში ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებთან ამ სფეროში შეთანხმებების მოლაპარაკების დაწყებაც დაავალა შესაბამის უწყებებს. თეთრი სახლის განმარტებით, კრიტიკული მინერალები აუცილებელია როგორც თავდაცვის წარმოებისთვის, ისე ენერგეტიკისა და სხვა ინდუსტრიებისთვის.

სომხეთის მიმართ ინტერესი უკვე არსებულ სამთო რესურსებსაც უკავშირდება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს სომხეთი მოლიბდენის მეექვსე უდიდესი მწარმოებელი იყო მსოფლიოში  და მსოფლიო წარმოების 3.2%-ს შეადგენდა. ქვეყანა ასევე მერვე ადგილზე იყო რენიუმის წარმოებით. სომხეთში ასევე მოიპოვება სპილენძი, ოქრო, ვერცხლი და თუთია. 2024 წელს სომხეთმა 341 500 ტონა სპილენძის მადანი და კონცენტრატი გაიტანა ექსპორტზე.

როგორ განვითარდა თანამშრომლობა

2026 წლის 4 თებერვალს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კრიტიკული მინერალების მინისტერიალს უმასპინძლა, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების მიზანი იყო კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების „უზრუნველყოფა, დივერსიფიცირება და სტაბილიზაცია“. მას სომხეთის ელჩიც დაესწრო.

26 მაისს ერევანში რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კრიტიკული მინერალებისა და იშვიათმიწა ელემენტების მოპოვებისა და გადამუშავების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. იმავე დღეს გაფორმდა აშშ-სა და სომხეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაც, რომელშიც კრიტიკული მინერალები თანამშრომლობის ერთ-ერთ მიმართულებადაა მითითებული.

რუბიოს განცხადებით, კრიტიკული მინერალები დღეს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისთვის აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი მოპოვება, არამედ მათი გადამუშავებისა და გამოყენებისთვის მზა პროდუქტად ქცევის შესაძლებლობაც. მისი თქმით, აშშ-სა და სომხეთს სურთ ამ მინერალებზე ორივე ქვეყნისთვის საიმედო წვდომის უზრუნველყოფა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 28 მაისს განაცხადა, რომ მემორანდუმის ერთ-ერთი მიზანი სომხეთის წიაღის თანამედროვე ტექნოლოგიებით შესწავლა და ქვეყნის ახალი გეოლოგიური რუკის შექმნაა. მისი თქმით, ზოგიერთი მინერალი, რომელსაც 40-50 წლის წინ ნაკლები პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, დღეს ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია. ფაშინიანის განცხადებით, ახალი გეოლოგიური რუკის შესაქმნელად კოსმოსური კვლევების გამოყენებაც იგეგმება.

შემდეგი პრაქტიკული ნაბიჯი 25 სექტემბერს გადაიდგა: სომხეთის გარემოს დაცვისა და სამთო ინსპექციის ხელმძღვანელი ჰოვანეს მარტიროსიანი, პოლ ჰუპერის ხელმძღვანელობით, აშშ-ის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს გეოლოგიური მონაცემებისა და ექსპერტიზის გაცვლა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გეოლოგიური რუკირება, სომხეთის მინერალური რესურსების ძიება, მოპოვება, განცალკევება და გადამუშავება, ასევე სამთო ტერიტორიების რეაბილიტაცია.

30 სექტემბერს კი აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმებიდან პრაქტიკული განხორციელების ეტაპზე გადავიდნენ. ამ ეტაპზე ვაშინგტონი სომხეთის სამთო სექტორის საჭიროებების შესწავლასა და შესაძლო ტექნიკურ დახმარებაზე მუშაობს.

მემორანდუმში კრიტიკული მინერალების შესაძლო ტრანსპორტირების კონტექსტში ასევე ნახსენებია TRIPP – „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, რომლის მნიშვნელობასაც მხარეები სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან კრიტიკული მინერალების ტრანზიტისთვის აღნიშნავენ.

აშშ-სა და სომხეთის მინერალებზე შეთანხმებას უკვე მოჰყვა კრიტიკა რუსეთის მხრიდან. 4 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ისა და დასავლეთის ინტერესი სომხეთის მიმართ, პირველ რიგში, ქვეყნის იშვიათ მიწის რესურსებს უკავშირდება. მისი თქმით, ვაშინგტონსა და ერევანს შორის მაისში გაფორმებული დოკუმენტები აშშ-ის ინტერესს აჩვენებს სომხეთში კრიტიკული მინერალებისა და იშვიათმიწა ლითონების მოპოვების მიმართ.

რუსულ-სომხურმა სტრატეგიულ ინიციატივათა ცენტრმა 30 სექტემბერსაც გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც სომხეთის სპილენძის, მოლიბდენის, იშვიათი და კრიტიკული ელემენტების რესურსებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ მათი მნიშვნელობა მომდევნო ათწლეულებში გაიზრდება.