afgan sadigov

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა. საქმე ეხება 2026 წლის აპრილში, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადიგოვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, საქართველოდან გაძევებასა და ქვეყანაში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვის დაწესებას.

ცენტრის ინფორმაციით, 3 აპრილს სასამართლომ სადიგოვისთვის საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გააუქმა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. თუმცა, 4 აპრილს სადიგოვი საკუთარ სახლში დააკავეს.

რამდენიმე საათში სასამართლომ მას 2 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა შეუფარდა. იმავე ღამეს სადიგოვი აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში კონვენციის მე-6, მე-10 და მე-18 მუხლების დარღვევაზეა მითითებული. ორგანიზაციის პოზიციით, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესზე შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ცენტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე კვლავ განახლდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იმავე ბრალდებებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ადრე მისი ექსტრადიცია იყო მოთხოვნილი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.