თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის მორიგი განაყოფი საქმის განხილვა დაიწყო. მოსამართლე პაატა სილაგაძე ნანა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილის, აბო ნავერიანისა და ანტონ უპერის საქმეს უძღვება.

პროკურატურა მსჯავრის დამძიმებას ითხოვს სააპელაციო სასამართლოში, ოღონდ მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილთან მიმართებით. დაცვის მხარე კი — მსჯავრდებულთა გამართლებას.

გაგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ განაყოფის საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა 2026 წლის 26 ივნისს:

  • მარიამ მეყანწიშვილი დამნაშავედ ცნო შედარებით მსუბუქ მუხლში (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა (მცირეწლოვანი შვილის ფაქტორის გათვალისწინებითაც);
  • ნანა სანდერი დამნაშავედ ცნო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა;
  • აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს 5-5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ანტონ უპერი პატიმრობაში არ იმყოფება, მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

4 ოქტომბრის ამ განაყოფ საქმეში სულ 12 ბრალდებული იყო. დანარჩენმა რვამ საპროცესო გარიგება დადო საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის ეტაპზევე.

პროკურატურა სასამართლოს არ უკონკრეტებს მოთხოვნას, რამდენად სურს მსჯავრის დამძიმება მარიამ მეყანწიშვილისთვის. ჯარიმა სასჯელის ყველაზე მსუბუქი ზომაა, რასაც მუხლი ითვალისწინებს. ითვალისწინებს ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას [120-დან 180 საათამდე], გამასწორებელ სამუშაოს [2 წლამდე], შინაპატიმრობას [6 თვიდან 2 წლამდე] და ასევე თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

პროკურორმა თამარ იაკობიძემ მიზეზებად დაასახელა „ქმედების ხასიათის სპეციფიკა, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით“. მისი თქმით, „სასჯელის მიზნებს — რესოციალიზაცია, პრევენცია“ არ აკმაყოფილებს ჯარიმა, რაც მეყანწიშვილს დაეკისრა. პროკურორი ასევე ხაზს უსვამს, რომ მართალია მონანიება მსჯავრდებულის უფლებაა, მაგრამ პროკურატურას აქვს უფლება ეს შეაფასოს და სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოს.

პროკურორმა მედიასთან განაცხადა, რომ 4-დან ერთ-ერთ პირს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით აქვს მიმართული უწყებისთვის. მოლაპარაკება დაწყებულია, მაგრამ პირობები — უცნობი. პროკურორს მსჯავრდებული არ დაუკონკრეტებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს, შესაძლოა, ნანა სანდერი იყოს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით სასამართლოში და მედიასთან ღიად არც ნანა სანდერს და მის ადვოკატს არ უსაუბრია.

სააპელაციო სასამართლოში ნანა სანდერმა მორიგჯერ ისაუბრა მისი უფლებების დარღვევებზე ციხეში. იგი ჰყვება, რომ იმის გამო, მუდმივად აზიარებდა მის მიმართ უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას, ჯერ 3 თვით გაუუქმეს წერილების მიღებისა და გაგზავნის შესაძლებლობა, ახლა კიდევ 2 თვით აქვს გაუქმებული. ეზღუდება ზარების განხორციელების, პაემნების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მის საჩივრებზე და მიწოდებულ ინფორმაციაზე არ რეაგირებს გენინსპექცია.

„7 წელზე [განაჩენი] მე არ მინერვიულია. თვეების განმავლობაში ვიმყოფებოდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი. წამების ერთ-ერთი მეთოდია სიცხეში, 45-50 გრადუსში, უჰაერობაში და უჟანგბადობაში ამყოფო ადამიანი. ყველაფერზე ნასაუბრები მაქვს ქცემო ქართლის პროკურატურასთან. არცერთი მოძალადე, ციხის არცერთი თანამშრომელი და არცერთი პოლიციელი არ არის დასჯილი. აბსოლუტურად არავის ამ სახელმწიფოში, არცერთ უწყებას, ჩემი უფლება არ დაუცავს. რამდენიმე ასეულ ადამიანზე ვლაპარაკობ… ზოგი სისხლის სამართლის დამნაშავეა, ზოგს გადაცდომები აქვს, ყველა ამ სახელმწიფოს წარმომადგენელია.

მე ამ ქვეყანაში არცერთი სასამართლოს იმედი არ მაქვს. აქ იმიტომ ვარ, რომ სხვა ერებმა, კეთილსინდისიერმა მოსამართლეებმა, მაგალითად, სტრასბურგში, გადაწყვიტონ… აქ იმიტომ ვარ, რომ ბიუროკრატია მოითხოვს. თამარ მჭედლიშვილი თვეების განმავლობაში ისმენდა, რა ძალადობა ხორციელდებოდა ჩემზე და მისი რეაგირება ის იყო, რომ უდანაშაულო ადამიანს 7 წელი მომისაჯა.

ცალკე, იზოლირებულ „კუნძულზე“ ვიმყოფები. მეთორმეტე თვეა, სამარტოო საკანში ვარ. ფაშისტები და კომუნისტები არ სჯიდნენ ამდენხნიანი მარტოობით პატიმრებს. ამ შენობას ტუბერკულოზით დაავადებული ხალხის გადასაყვანად იყენებდნენ ადრე. ახლა დასჯის მიზნით გადავყავართ. მათ შორის ერთი პატიმარი ფსიქიკური დაავადების მქონეა. ისეა აშენებული, ეზოდან ნიავი არ შემოდის. ახლა აღმოვაჩინე, რომ რუსთავი ყველაზე ცხელი ქალაქია და ეს ადგილი, სადაც ციხეა, კიდევ უფრო ცხელია. წარმოიდგინეთ, რომ საკანი არ ნიავდება, საღამოთიც არ გრილდება და დიახ, სუნთქვა არ შემეძლო, თვეები ვიყავი წამების ქვეშ, ვკარგავდი გონებას. საკნებში გაგრილების საშუალებები არ გვაქვს ისეთი, რაც გარეთ მყოფ ადამიანებს გაქვთ. თვეები ვიყავი ფაქტობრივად საუნაში“, — ჰყვება ნანა სანდერი.

მომდევნო სხდომა 23 ოქტომბერს, 12 საათზე ჩატარდება და ადვოკატების მხრიდან შესავალი სიტყვების თქმით გაგრძელდება.