ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე დღეს მოსამართლის წინაშე იკითხება “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე. ჯორბენაძე „ასავალ-დასავალში“ სწორედ მისი რესპონდენტი იყო.
„ტვ პირველთან“ ჩუბინიძე იხსენებს, რომ ჯორბენაძესთან ინტერვიუს ჩაწერიდან ორი თვისა და ორი დღის შემდეგ, ოფიციალური ვერსიით, მისმა რესპონდენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ის არ გამორიცხავს, რომ გვამის ექსჰუმაცია გახდეს საჭირო:
„ქალბატონი ხათუნა სირაძე აცხადებს, რომ მის ქმარს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აკვიატებული ჰქონდა აზრი და ფიქრი, რომ უნდა მოეკლა თავი. მისი მეორე მეუღლე, ქალბატონი მზეონა ჟიჟილაშვილი მეუბნება, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მისი ქმარი დაილია, სავარაუდოდ მოწამლეს… არ ვიცი ექსპერტიზის შესახებ, ვიცი, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არის გამზადებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გვამს დასჭირდეს ექსჰუმაცია“, – ამბობს ჩუბინიძე.
მისივე თქმით, მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრმა, თამაზ გელაშვილმა, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა ლაზარე ჯორბენაძეს.
„ბატონმა თამაზ გელაშვილმა მთხოვა გამეჟღერებინა ჟურნალისტებისა და გამოძიების წინაშე, რომ ითხოვს დაკითხონ. ბატონი აწ განსვენებული ლაზარე ჯორბენაძე იყო მისი ადვოკატი. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, წინა ღამით, როგორც ბატონმა თამაზმა მითხრა, მას ლაზარე ჯორბენაძესთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი. თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ბატონმა თამაზ გელაშვილმა შეურაცხადი დაიქირავა ადვოკატად?! ამას მეუბნებით თქვენ?!“
ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
ლაზარე ჯორბენაძე „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო. 2026 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ ნომერში ის წერდა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.
ამას შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის წინააღმდეგ სოცქსელებში გარკვეული კამპანია აგორდა. მას ცილისმწამებელს უწოდებდნენ.
მან კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა „ასავალ-დასავალს“, სადაც ამბობდა, რომ უკან არ იხევდა და კვლავ ადასტურებდა მის მიერ ირაკლი კობახიძეზე გავრცელებული ცნობის ნამდვილობას. ის ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი ნანახი ჰქონდა.
გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა და ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელიც ჯორბენაძის ინტერვიუერი იყო, განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.
ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ მეხუთე წერილში თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“
პროკურატურის განცხადებით, „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია“ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ამისა, უწყებამ საჯარო პოსტების გამო არაერთი ოპოზიციონერი დაიბარა გამოკითხვაზე, გამოიკითხა ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილიც.
