ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, „ოცნების“ მხარდამჭერმა შაკო კუჭაშვილმა მას ხელი დაარტყა. ეს კომენტარი უფლებადამცველმა „ტვ პირველთან“ გააკეთა.

აფციაურის განცხადებით, ელიზბარაშვილი სურვილს გამოთქვამს დაიწყოს გამოძიება.

„განაცხადა, რომ კუჭაშვილმა მას ხელი დაარტყა. იგი ცდილობდა, რომ მაქსიმალურად თავი შეეკავებინა ამ ინფორმაციის გაჟღერებისგან, ვინაიდან არ ჰქონდა სურვილი, რომ 25 წლის ბიჭი მოხვედრილიყო პატიმრობაში, ან გაუგებრობაში, მინიმუმ. თამაზის აქვს სხეულზე დაზიანება, გულ მკერდის არეში სილურჯეები, ეს დაფიქსირებულია ციხის ექიმის მიერ, როცა საპატიმროში შეასახლეს. […] იგი გამოთქვამს სურვილს, რომ მივმართოთ გამოძიებას“, – ამბობს ადვოკატი ლალი აფციაური „ტვ პირველთან“.

ამ განცხადებას შაკო კუჭაშვილმაც უპასუხა. მან სოციალურ ქსელში დაწერა:

„თურმე, ელიზბარაშვილს ერთი კვირის თავზე აღმოუჩენია, რომ მე მისთვის ხელი დამირტყამს. სამარცხვინო ამბავია, ისეთი რაც არ უნდა იკადრო კაცმა“.

4 სექტემბერს თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. თავად ელიზბარაშვილი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.

საქმეზე დაზარალებულად რამდენიმე კაცია ცნობილი, მათ შორის შაკო კუჭაშვილი, ასევე „იმედის“ თანამშრომლები – ჯაბა ხუბუა, ნიკა კლდიაშვილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით დაზარალებულადაა ცნობილი სანდრო გამსახურდიაც, ისიც „იმედში“ მუშაობს.

8 სექტემბერს ელიზბარაშვილმა განაცხადა, რომ ციხეში შიმშილობას იწყებს.

იხილეთ ასევე: