ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის გადადგომასა “იმ სტრესს” უკავშირებს, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს რაჭაში განუცხადა.
“გეგმები იცვლება ხოლმე. თავის დროზე არა მარტო მას პირადად, ჩვენ ყველას ერთად გვქონდა კონკრეტული გეგმა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მან მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება. მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო ის, რომ დამღლელი არის გარკვეულწილად ის საქმიანობა, რომელშიც ჩვენ ყველა ვართ ჩართული. არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ფიზიკურ დაღლას, ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც არის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ. ამაზე გვქონდა ჩვენც მსჯელობა. შემდეგ ცალკე მქონდა მე მსჯელობა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც მოვისმინეთ მისი პოზიცია საკუთარ, ასე ვთქვათ, გადადგომასთან დაკავშირებით.
საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გასაზიარებელი აღმოჩნდა ეს პოზიცია. აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. არის ბევრ სტრესთან დაკავშირებული ის საქმიანობა, რასაც ჰქვია პოლიტიკური საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგები იყო მამუკა მდინარაძის პოზიცია და, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ და გავიზიარეთ მისი ეს დამოკიდებულება”, – განაცხადა კობახიძემ.
მამუკა მდინარაძე, რომელიც ამჟამად რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, თანამდებობას ტოვებს და ამბობს, რომ პოლიტიკიდან საერთოდაც მიდის.
