დღეს,  27 აგვისტოს, მოქალაქეთა გაერთიანება „ანტიანექსიური პლატფორმა“ დაფუძნდა.

დამფუძნებელთა თქმით, პლატფორმა ზეპარტიულია და მისი შექმნა საქართველოს ტერიტორიის ანექსიის საფრთხეების მომატებას უკავშირდება.

მათი განცხადებით, პლატფორმის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

დამფუძნებლების განცხადებით, „ანტიანექსიური პლატფორმა“ ღიაა ყველასთან თანამშრომლობისთვის.

„საქართველოს ტერიტორიის ანექსიის საფრთხეების მომატების გამო, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვერთიანდებით როგორც ზეპარტიული გაერთიანება და რომელთათვისაც საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპები, თავისუფლება და ადამიანის ღირსება წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობებს, ვაცხადებთ საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის შექმნას.

ჩვენ გვაერთიანებს მტკიცე რწმენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსია, ჰიბრიდული საფრთხეები,  სეპარატიზმის წახალისება და ოკუპირებულ რეგიონებში დემოგრაფიული ცვლილებების ძალადობრივი გზით განხორციელება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას.

პლატფორმის მიზნებია:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე.
  • რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიისა, ისევე როგორც ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პრინციპის განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიების ძალის გამოყენებით მიტაცების სამართლებრივი შეფასების ხელშეწყობა.
  • ოკუპირებულ რეგიონებში მარიონეტული რეჟიმებისა და მათი ლიდერების, აგრეთვე ანექსიური პროცესების ხელშემწყობი პირების მიმართ საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი დევნის ინიცირება.
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება რუსული ჰიბრიდული და ანექსიური საფრთხეების შესახებ.
  • საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური თანამშრომლობა ანექსიის რისკებისა და ოკუპაციის საკითხებზე.
  • საერთაშორისო პარტნიორებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან და დიპლომატიურ მისიებთან სამუშაო შეხვედრებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა.
  • რუსეთის მარიონეტული რეჟიმების ლიდერებისა და ანექსიის პროცესში ჩართული აქტორების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების საკითხის მხარდაჭერა.

არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას – დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა პლატფორმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პაატა დავითაიამ.

„ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებლები არიან:

  • ვლადიმერ ჩაჩიბაია
  • ნოდარ ხარშილაძე
  • აკია ბარბაქაძე
  • კახა გოგიძე
  • პაატა დავითაია
  • ნიკოლოზ ვაშაკიძე
  • მამუკა გამყრელიძე
  • გიორგი მელაშვილი
  • ირაკლი ტაბლიაშვილი.

ამავე თემაზე: