პროკურატურის განცხადებით, დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების აიძულებდა და გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა.
„ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და ფიზიკურად ძალადობდა მათზე“, – აცხადებს პროკურატურა.
დაკავებულ მშობელს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტით (ორი არასრულწლოვანის მიმართ, იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი ვაჭრობა-ტრეფიკინგი, არასრულწლოვანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ).
