„ბიბლუსის“ გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძის წიგნის ეგზემპლარები დააზიანეს.

ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ლიკა ლაზიშვილმა გაავრცელა.

„აღმოვჩნდი „ბიბლუსის“ ერთ-ერთ ფილიალში, სადაც წავაწყდი საშინელ ფაქტს. კონსულტანტმა მაჩვენა, სად იდო [ბუღაძის „დამკვირვებელი“], ავიღე ერთ-ერთი. ზოგადად, წიგნებს არ ვამოწმებ, მაგრამ რატომღაც ინსტინქტურად გადავფურცლე და აღმოვაჩინე, რომ პირველ გვერდზე კალმით მიხატულია ფალოსები. დავიბენი და ისევ კონსულტანტს დავუძახე. კონსულტანტმა და მე ვნახეთ, რომ ლაშა ბუღაძის ყველა წიგნის პირველ გვერდს ფალოსები აქვს მიხატული! სამწუხაროდ, კონსულტანტმა გადაღების უფლება არ მომცა და არც მე შევეწინააღმდეგე. ორთავე გაოგნებული ვიყავით“, — დაწერა ლაზიშვილმა.

მომხდარს ვანდალიზმად აფასებენ და გმობენ „ბიბლუსში“. როგორც „ნეტგაზეთს“ კომპანიაში განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და კამერების შემოწმება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

ლაშა ბუღაძე არ გამორიცხავს, რომ წიგნები ვინმეს დავალებით დააზიანეს.

„როცა ჩემი „დამკვირვებელი“ პოლიტიკური მოტივით არ შეაგზავნინეს გიორგი რომელაშვილს სინდისის პატიმარ ნანა სანდერთან, მე დავწერე, რომ შემდეგი ეტაპი იქნებოდა წიგნის მაღაზიები. ეს ბევრს არ სჯერა, მაგრამ ამის მაგალითი პუტინის რუსეთია. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ეს წლები უამრავი რესურსი დახარჯა სიძულვილის კამპანიაში და არაა გამორიცხული, რომელიმე ვანდალს საკუთარი ინიციატივით დაეზიანებინა წიგნები, მაგრამ არც მითითება უნდა გამოვრიცხოთ. წიგნის შებღალვა, დაზიანება და შეურაცხყოფა პოლიტიკური ცენზურის ნაწილია და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ბიბლუსში“ თავად არიან უაღრესად შეწუხებულები და ცდილობენ გაარკვიონ, რა მოხდა. ვიცი, განცხადებაც ექნებათ. კამერების მეშვეობით ალბათ რთული არ იქნება იმის დადგენა, ეს ვინ ჩაიდინა და სად — უშუალოდ მაღაზიაში თუ საწყობში“, — დაწერა ბუღაძემ.

ავტორს აინტერესებს, მსგავსი შემთხვევა წიგნის მაღაზიის სხვა ფილიალებშიც ხომ არ მომხდარა. „ბიბლუსში“ ამბობენ, რომ სხვა ფილიალებსაც ამოწმებენ.

„ჩემი მეგობრები, ცოტა არ იყოს, მხიარულად წერენ, რომ სოლიდარობის ნიშნად შეიძენენ „იავარქმნილ“ წიგნებს. ეს „მხიარულობა“ კი, მადლიერების მიუხედავად, ოდნავ ინფანტილური მგონია, რადგან ეს წიგნები, წესით, პოლიციამ უნდა ნახოს და ზარალიც აღიწეროს. ჩემს მდუმარე და ზოგადად საქართველოს გარუსების პროცესის სეირის მაყურებლის პოზიციიდან მაცქერალ თანამოქალაქეებსა და კოლეგებს კი ვაფრთხილებ, რომ ეს მარტო ჩემი და ჩემი წიგნის პრობლემა არაა და ცენზორი ყველა სიტყვას მიადგება ადრე თუ გვიან. მერე გაიხსენონ ეს სიტყვებიც და გაფრთხილებაც“, — აცხადებს ლაშა ბუღაძე.

ცოტა ხნის წინ, რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უარი განაცხადეს, რომ ნანა სანდერისთვის, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე გაასამართლეს და 2025 წლიდან პატიმრობაში იმყოფება 7-წლიანი განაჩენით, ლაშა ბუღაძის რომანი, „დამკვირვებელი“ გადაეცათ.

„პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება“ — პენ საქართველო