უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, წარმოადგენს თუ არა აფხაზეთში საწვავის შეტანა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არსებული პოლიტიკის ცვლილებას. მისი თქმით, იმ ფონზე რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი ეკონომიკურ საქმიანობას ზღუდავს, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში გამონაკლისებსაც ითვალისწინებს, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა მიზნით, რა ვადით და ვის გადაწყვეტილებით დაიშვა გამონაკლისი. ასევე, რა პოლიტიკას ახორციელებს თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.
საქართველოს ხელისუფლებამ 12 აგვისტოს დაადასტურა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საწვავი “სახელმწიფოს არ შეუტანია და ოპერაცია ბიზნესმა განახორციელა”. კობახიძის თქმით, მსგავსი ნაბიჯები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ფარგლებში ხორციელდება. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში კი აცხადებენ, რომ საწვავის ბაზრის მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობა თავად მოძებნეს და აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა, ხელი არ შეეშალა ამისთვის.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია, მთლიანად ბიუჯეტი რუსეთზეა დამოკიდებული და ინტეგრირებული. და რა პოლიტიკას ახორციელებს თბილისი, ისაა მნიშვნელოვანი. რა კეთდება იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა იყოს გამოყენებული თუნდაც იმისთვის, რომ კონფლიქტის ტრანსფორმაციას შეეწყოს ხელი“.
მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კანონით ეკონომიკური საქმიანობა აკრძალულია, თუმცა დაშვებულია გამონაკლისები განსაკუთრებულ შემთხვევებში და მთავრობის სპეციალური თანხმობით და დადგენილი წესით, თუ რატომ ემსახურება ესა თუ ის ნაბიჯი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჰუმანიტარულ თუ სახელმწიფო ინტერესებს და ა.შ.“
ნანუაშვილის შეფასებით, ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები საკმარისი არ არის და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
„ჩვენ რაც დავინახეთ, ეს იყო თავის მართლება. რა თქმა უნდა, მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას. უნდა არსებობდეს ერთგვარი პოლიტიკა, ხედვა, რაც წლების განმავლობაში სახელმწიფოს არ გააჩნია“.
მისი თქმით, მსგავსი თანამშრომლობის შემთხვევები, მათ შორის საწვავის მიმართულებით, პანდემიის პერიოდშიც ყოფილა, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილებები გამჭვირვალე პროცესის ნაწილი უნდა იყოს.
„ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ვინ აღასრულებს მას, კონკრეტულ შემთხვევაში ბენზინის შეტანას – ვის მოხმარდება, გალის მცხოვრებლებს, სხვა მოქალაქეებს თუ ოჩამჩირის ბაზისკენ წავა. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს“.
ნანუაშვილის თქმით, ასევე უნდა დადგინდეს, არსებობდა თუ არა რეალური ჰუმანიტარული ან სოციალურ-ეკონომიკური საჭიროება, რომელიც საწვავის შეტანის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო.
„არსებობდა თუ არა ნამდვილად ჰუმანიტარული საჭიროება, ან სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება მოსახლეობის – ეს კითხვები არსებობს და თუ მათ პასუხი არ გაეცემა… ვერ გავიგებთ, რამდენად არის ეს გადაწყვეტილება თანხვედრაში ეროვნულ ინტერესებთან“.
ისივე თქმით, ამ კითხვებს დამატებით ამძაფრებს ის გარემოება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გადაადგილებასა და საქონლის გადატანაზე სხვადასხვა მიმართულებით მკაცრი კონტროლი არსებობს.
ნანუაშვილის შეფასებით, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებაც აუცილებელია, რადგან საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროცესებს ვერ აკონტროლებს.
„საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერაფერს აკონტროლებს, იქ არაერთი სამხედრო ბაზაა, მათ შორის გალში, ოჩამჩირეში. იქ არსებობს საწვავით მომარაგების საჭიროებებიც. არაფერია გამორიცხული იმ ფონზე, როცა სხვა ინფორმაციას არავინ გვაწვდის. ხომ აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ აფხაზეთში მოხდა გატანა თუ ცხინვალის მიმართულებითაც? ბევრი თემაა, რომელზეც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პასუხები“.
მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაირკვეს, ხომ არ წარმოადგენს ეს ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკის ცვლილებას.
„ის, რომ ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ზოგადად მიმართული იყო იმისკენ, რომ იქ ეკონომიკური იზოლაცია მომხდარიყო ოკუპირებული ტერიტორიების, თუ ახლა ეს პოლიტიკა იცვლება, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რატომ ახლა? რა შეიცვალა?“
ნანუაშვილის შეფასებით, ამ საკითხის განხილვისას რუსეთის კონტროლის ფაქტორი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი.
„რუსეთი დღეს აკონტროლებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. იქ ნებისმიერი მსგავსი საქმიანობა შესაძლოა გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ. სწორედ ისინი აკონტროლებენ გადაადგილებას ФСБ-ს ჯარის მეშვეობით გამშვებ პუნქტებთან და აკონტროლებენ გამყოფ ხაზებს“.
ნანუაშვილის აზრით, ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რა სამართლებრივი საფუძვლით, რა ვადით და რა მიზნით დაიშვა გამონაკლისი.
მნიშვნელოვანია, ამიტომ, გამოქვეყნდეს დოკუმენტები – რა ვადით, რა მიზნით დაიშვა მსგავსი გამონაკლისი. ტოტალური უნდობლობის პირობებში, ბუნებრივია, ეს კითხვები ჩნდება.ზოგადად ეკონომიკური საქმიანობისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაერთი პროგრამა განხორციელდა, არსებობდა ფონდიც შექმნილი, „მშვიდობის ფონდი“, რომელიც ბოლო წლებშიც აღარც ყოფილა აქტუალური, გაჩერებულია. ასე რომ, ეს რომ იყოს რაღაც პოლიტიკის ნაწილი და ხელისუფლებას ჰქონდეს ხედვა, გასაგებია. ვიტყოდით, რომ არსებობს მიზანი, გავლენა მოახდინოს ქართულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პროცესებზე. ამას ვერ ვხედავთ“.
ნანუაშვილის შეფასებით, სწორედ ამ უფრო ფართო პოლიტიკის არქონის ფონზე აჩენს კითხვებს საწვავის შეტანის შემთხვევა.
„პირიქით, ყველა მხრიდან იზღუდება ყველა საერთაშორისო დონორისა და ორგანიზაციის ჩართულობა, ინიციატივები. ამ დროს მხოლოდ საწვავთან დაკავშირებული ნაბიჯები ლეგიტიმურად იწვევს კითხვებს“.
მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამორიცხოს, არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის გამოყენება დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის.„ხომ არ არის დასავლური სანქციების არიდების საშუალება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ეს გამონაკლისი. რადგან სხვა მიმართულებებით ნაბიჯებს ვერ ვხედავთ“.
ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უფრო ფართო და თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს როგორც ოკუპაციის, ისე ანექსიის პროცესების წინააღმდეგ.
„ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ზოგადად პოლიტიკა ოკუპაციისა და ანექსიური პროცესების წინააღმდეგ და ჩვენ ამ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ“.
მისი შეფასებით, ამ კითხვებს კიდევ უფრო ამძაფრებს საქართველოში რუსეთის ეკონომიკური გავლენის ზრდასთან დაკავშირებული ხელისუფლების პოლიტიკა.
„პირიქით, რუსოფობიის თემის წამოწევა, ის, რომ საქართველო ოაზისი გახდა რუსული ბიზნესისთვის, კიდევ მეტ კითხვის ნიშანს აჩენს“.
აფხაზეთში საწვავის შეტანისას სანქციების რისკი გასათვალისწინებელია – ალაფიშვილი
