გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება, ბარბარა ფოსი.

30 ივნისს გერმანიის წინა ელჩმა პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ საქართველოში. ფიშერი გამოირჩეოდა კრიტიკით “ოცნების” ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რის გამოც არაერთგზის გამხდარა ვერბალური თავდასხმების მსხვერპლი. მას ბათუმში პირადადაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

“არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება“, – წერს ბარბარა ფოსი, გერმანიის ახალი ელჩი.

საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, ბარბარა ფოსი 2023 წლიდან მუშაობდა გერმანიის გენერალურ კონსულად კალკუტაში, ინდოეთში. 

ელჩის სამუშაო გამოცდილება ასეთია:

2023 წლის აგვისტოდან – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენერალური კონსული ინდოეთის რესპუბლიკაში, კალკუტა.

2019 – 2023 – საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო: განყოფილების უფროსის მოადგილე, კულტურული ურთიერთობები მაღრიბის, მახლობელი და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან.

2015 – 2019 – საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო: პასუხისმგებელი პირი (დესკ-ოფიცერი), ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში.

2012 – 2015 – გერმანიის საელჩო ისლამაბადში/პაკისტანი: პასუხისმგებელი პირი ეკონომიკურ საკითხებში.

2009 – 2012 – გერმანიის საელჩო თელ-ავივში/ისრაელი: პასუხისმგებელი პირი საკონსულო და პოლიტიკურ საკითხებში.

2006 – 2009 – საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო: პასუხისმგებელი პირი ადამიანური რესურსების განყოფილება.

2005 – 2006 – უმაღლესი საგარეო სამსახურის მოსამზადებელი პროგრამა (ტრენინგი) ბერლინში.

1996 – 2005 – გერმანიის საელჩოები ლაგოსში/ნიგერია და დარ-ეს-სალამში/ტანზანია, ასევე გერმანიის მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ნიუ-იორკი/აშშ.

1992 – 1996 – საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო: პასუხისმგებელი პირი, რეგიონული განყოფილება პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების საკითხებში.

1986 – 1992 – მომზადება და სწავლება, გამოყენებითი ადმინისტრაციული მეცნიერებების ფედერალური უნივერსიტეტი, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ფილიალი, ბონი.

ბარბარა ფოსი სწავლობდა გამოყენებითი ადმინისტრაციული მეცნიერებების ფედერალურ უნივერსიტეტში, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ფილიალში, ბონში.