კასპიის მილსადენების კონსორციუმის არასტაბილური მუშაობის ფონზე, ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, ბაქო-სუფსისა და კასპიის ზღვის სატრანზიტო მარშრუტს განიხილავს.

ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ სააგენტო „ინტერფაქს-ყაზახეთს“ განუცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2026 წელს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია, 2025 წელთან შედარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის 31%-ით, 1.7 მილიონ ტონამდე გაზრდას გეგმავს.

2026 წლის იანვარ-ივნისში ყაზახური ნავთობის გადაზიდვის მოცულობამ აქტაუს პორტის გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით 704 ათასი ტონა შეადგინა.

მილსადენის სიგრძე 1768 კილომეტრია და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობია.

პროექტის აქციონერები არიან: აზერბაიჯანული სოკარი — 32.97%, ბრიტანული BP — 30.1%, უნგრული MOL – 8.9%, თურქული TPAO – 6.53%, იტალიური Eni და ფრანგული TotalEnergies – 5%, იაპონური Itochu – 3.4%, ინდური ONGC Videsh – 3.1%, ამერიკული ExxonMobil და იაპონური INPEX – 2.5%.