ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში კობა ლიკლიკაძე იკითხება.
ის ამჟამად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორია. 1993 -1994 წლებში ლიკლიკაძე იყო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული პრესსამსახურის (სოხუმი, ოჩამჩირე) უფროსი სამხედრო კორესპონდენტი.
ჟურნალისტებთან მან თქვა, რომ როცა აფხაზეთში იმყოფებოდა, ჯერ როგორც გაზეთ „საქართველოს“ კორესპონდენტი, ხოლო შემდეგ როგორც გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი, არ ჰქონია ინფორმაცია „დატყვევების დროს აფხაზების დახვრეტის შესახებ“.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ლიკლიკაძემ ბარამიძის განცხადების შეფასებისას ასევე თქვა, რომ მძიმე წარსულზე საუბრისას ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს და საკუთარი მაგალითიც მოიყვანა:
„სრულიად მოულოდნელი იყო მისგან, წარსულში კომპეტენტური სახელმწიფო მოხელისგან ეს განცხადება. რეალურად იცოდა, რომ მსგავსი რამ იქ არ მომხდარა.
აქ იმისთვის ვარ, რომ თუ გამოძიებას ექნება რაიმე შეკითხვა, ვუპასუხო იმ კომპეტენციისა და ცოდნის ფარგლებში, რაც გამაჩნია. ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ახლახან მეც მომივიდა და იმავე წუთში, როგორც კი დამირეკეს, პირდაპირი და გადაჭრით ბოდიში მოვიხადე ყველას წინაშე, ვინც ამის ადრესატი აღმოჩნდა ჩემი არასწორი შეფასებისა თუ ფაქტის დამახინჯების გამო. ეს ხდება, ადამიანები ვართ“, – თქვა ლიკლიკაძემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
რა თქვა ლიკლიკაძემ
ტვ პირველის ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას კობა ლიკლიკაძემ თქვა, რომ თითქოს 10 აგვისტოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექიმებმა დატოვეს და დაჭრილები მიატოვეს:
„არ ვთქვი მაშინ ეთერში ერთი ფაქტი, რომელიც მე ვიცოდი, როდესაც პანიკის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაიკრიფა მედპერსონალი თავისი ტექნიკით და დატოვეს დაჭრილები, მძიმედ დაჭრილები მათ შორის, ეს მოხდა 10 აგვისტოს საღამოს. მე მივხვდი, რომ თუ ამ ინფორმაციას გადავცემდი, ამას მოჰყვებოდა ისეთი პანიკა, რომ მეორე დღეს ქალაქი დაცლილი იქნებოდა“.
განცხადებას გამოეხმაურა ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომელი, ანა ბოქოლიშვილი, რომელმაც ქრონოლოგიურად გაიხსენა, როგორ და რა პირობებში მუშაობდნენ ომის დღეებში ექიმები. მისი თქმით, ცილისწამებაა, რომ მედპერსონალმა პაციენტები მიატოვა.
მოგვიანებით, „ფორმულასთან“ საუბრისას ლიკლიკაძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ფრაზა არასწორი ფორმულირებით თქვა:
„გულწრფელ სინანულს გამოვხატავ და მათ ბოდიშს ვუხდი, ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ღირსეული და გმირული საქციელიც კი აქვთ ჩადენილი და პირადად ვიცი ეს. ეს იყო ჩემგან არასწორად ფორმულირებული ფრაზა. უნდა მეთქვა, რომ „როგორც ამბობდნენ, თითქოს დატოვეს“, ეს იმ მომენტში ამომივარდა…“
გამოძიება ბარამიძის წინააღმდეგ
ორი კვირის წინ YouTube-ზე გამოქვეყნდა იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადების“ ეპიზოდი, რომლის სტუმარიც გიორგი ბარამიძე იყო. საუბარი სხვადასხვა თემებს შეეხო, მათ შორის- აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას. ბარამიძემ თქვა, რომ „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“ და იაგო ხვიჩიას კითხვას, თუ რატომ მოხდა ასე, უპასუხა, რომ „ხვრეტდნენ“.
განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობითვე, გამოძიებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება. პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე.
ბარამიძემ მისი ნათქვამი რამდენჯერმე განმარტა და თქვა, რომ განცხადება არ ეხება ქართულ ჯარს და სახელმწიფოს. მისივე თქმით, მისი ნათქვამი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ტყვეები აჰყავდა ქართულ მხარეს, შემდეგ კი ხვრეტდა.
იხილეთ ასევე:
