„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით.
უწყება ამბობს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, „იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.
უწყება ამბობს, რომ ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიაწვდიან ინფორმაცია.
სოციალურ ქსელში გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა ბარამიძეც და დაწერა:
„მოღალატე რუსქოცებო და პოლიტიკურო ტურებო! საქართველოსთვის თქვენზე ნალები მებრძოლის დედა ვატირე! ქოცპროკურატურამ ჩემზე “საქართველოს ღალატისთვისო” საქმე აღძრა! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის! სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს“, – წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.
რა თქვა ბარამიძემ?
ბარამიძე: აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს… ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, ხო? იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია და ახლა მე ისე კი არ ვამბობ, ვინც ხვრეტდა ახლა…
ხვიჩია: იქითა მხრიდანაც ხო იგივე ხდებოდა?
ბარამიძე: იქ დისციპლინა იყო. იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა. და ისინი იყვანდნენ ტყვეებს. გაცილებით მეტს და იქიდან ბესლან კობახია იყო ჩემი, ასე ვთქვათ, მეორე მხარე, ეგრეთ წოდებული სეპარატისტების მხარე, რუსების მხარე რეალურად, რომელიც მეუბნებოდა, კაი, მე 10-ს მოგცემ, მაგრამ შენ ერთი ხომ უნდა მომცე.
14 საათის წინ ბარამიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც კიდევ ერთხელ განმარტავს მის ნათქვამს. ის ჰყვება, რომ ომის დაწყების მომენტში საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმ სამმართველოს უფროსი იყო, რომელიც პასუხისმგებელი იყო უშუალოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე.
ბარამიძის თქმით, როცა ომი დაიწყო და მტერმა გაგრას შეუტია, ქართველების მხრიდან ტყვეობაში აღმოჩნდნენ „მეფარიშვილის ბატალიონის“ წევრები.
„რომლებმაც ვაჟკაცურად ბოლომდე იომეს მტერთან და როდესაც ტყვია-წამალი დამთავრდა და უკვე აღარანაირი საშუალება არ ჰქონდათ წინააღმდეგობის გაწევისა, ნუ, მტერმა, მოწინააღმდეგემ ისინი ტყვედ ჩაიგდეს. სხვათა შორის, შემდეგ ამ ადამიანებს ააშენებინეს თავიანთი ხელით გუდაუთის რაიონში, გუდაუთასთან ახლოს, ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც მოგვიანებით მერე მე მოვინახულე. და აქვე გეტყვით, რომ ეს 45-ივე კაცი, მებრძოლი, მე და ჩემმა მოადგილემ, პაატა ზაქარეიშვილმა, ჩვენი მეცადინეობით, წითელი ჯვრის დახმარებით, სამშვიდობოს გამოვიყვანეთ“, – ამბობს ბარამიძე.
ბარამიძის განცხადებით, გადაცემაში ლაპარაკი იყო იმის შესახებაც, რომ როდესაც პირველ კვირებში მოწინააღმდეგე მათ სთხოვდა, რომ ვინმე გადაეცათ, ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდათ.
„ნამდვილად მოველოდი, რომ ქოცური მედია რაღაცების, სიტყვებზე დაჭერას და კუდის მობმას დაიწყებდა, მაგრამ განსაკუთრებით საწყენია და ამაღელვებელი, რომ არაქოცურმა საზოგადოებამაც, ნაწილმა არასწორად გაიგო ჩემი ნათქვამი.
მით უმეტეს, რომ ბევრს არც აქვს ნანახი ეს ინტერვიუ რეალურად და აი, რაც გავრცელეს ასე ამოგლეჯილად, იმაზე დაიწყეს მსჯელობა, რომ აი, თითქოს მე რომ ვთქვი, რომ ომის პირველ კვირებში, პირველ ხანებში, როდესაც მე ვიყავი დაკავებული ტყვეების გაცვლით და ამ პროცესის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ ჩვენ არ გვყავდა ტყვეები, ვთქვი, რომ იქითა მხარე, ანუ რუსული მხარე, სეპარატისტული მხარე იყვანდნენ ტყვეებს და ჩვენ არ გვყავდა, იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ.
ეს სიტყვა ვთქვი. ხვრეტდნენ – ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ხვრეტს და ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ჯარი და ასე შემდეგ, ხო?! ჩვენ სამტრო- სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა მტერთან და უბრალოდ ჩვენებს არა ჰყავდათ ტყვეები. ეს ჩვეულებრივი ამბავია, იქაც ვთქვი, როდესაც ადამიანს მამას მოგიკლავენ, შვილს მოგიკლავენ, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ახლობელს მოგიკლავენ, სულ არ არის გასაკვირი მათგან ასეთი ქმედება, რომ არ დაინდოს მტერი და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არც ქართული ჯარის, რომელიც მაშინ რეალურად არ არსებობდა, ბრალია და, მით უმეტეს, დანაშაული, რომელზედაც, ასე ვთქვათ, რაღაცას ლაპარაკობენ რომ აი, სადღაც წაგვიყენებენ ამ ამბავს და სადღაც უნდა საქართველო დაადანაშაულონ თითქოს და არც ქართული სახელმწიფოს, ხო?“.
ბარამიძის თქმით, ოჩამჩირის ფრონტზე, სადაც ის იმყოფებოდა, ძირითადად იბრძოდნენ მოხალისეები, არარეგულარული ქართული ჯარი და „მხედრიონი“, შესაბამისად, პოლიტიკოსი განმარტავს, რომ იქ „ჩვეულებრივი ადამიანების“ მოქმედება, ემოცია, ვერანაირად ვერ განიხილება ვერც სახელმწიფოს და ვერც ჯარის დანაშაულად.
