სახაროვის პრემიის ლაურეატი, პოლონური წარმოშობის ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, ეხმაურება „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავს.
ანდჟეი პოჩობუტის თქმით, როდესაც ციხეში ყოფნისას შეიტყო, რომ მზია ამაღლობელთან ერთა სახაროვის პრემია მიიღო, ფიქრობდა, რომ პირველი მზია გათავისუფლდებოდა, ვინაიდან მას 2 წელი ჰქონდა მისჯილი, თავად კი – 8 წლით პატიმრობა. თუმცა ასე არ მოხდა და ახლა ის მოუწოდებს მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ.
„ერთი წლის წინ საქართველოში სასამართლომ ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
დღეს მზია კვლავ ციხეშია.
2025 წელს მან ჩემთან ერთად მიიღო ევროპარლამენტის მიერ გაცემული სახაროვის სახელობის პრემია. როდესაც ციხეში ყოფნისას ეს შევიტყვე, ვიფიქრე, რომ პირველი მზია დაიბრუნებდა თავისუფლებას (ეს გამომდინარეობდა იმ სასჯელების ვადებიდან, რომლებიც მოგვისაჯეს) და თავისუფლების მოპოვების შემდეგ სწორედ ის იტყოდა — „თავისუფლება ანდჟეი პოჩობუტს“.
თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.
სწორედ ამიტომ, ჯილდოს მიღებისას და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლისას ვთქვი: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.
დღეს, მისი განაჩენის წლისთავზე, ვიმეორებ: თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება ამ მამაც და გამბედავ ქალს! თავისუფლება ყველას, ვინც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში!“, – აცხადებს ანდჟეი პოჩობუტი.
ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსში პოლონური წარმომავლობის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჟურნალისტი და აქტივისტია. ლუკაშენკოს რეჟიმის კრიტიკოსი არაერთხელ დაუკავებიათ, ბოლოს 2021 წელს დააკავეს და გამოსასწორებელ კოლონიაში რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მიმდინარე წლის აპრილში ბელარუსსა და პოლონეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლეს.
დღეს, 2026 წლის 6 აგვისტოს, ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ.
მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელი ცრუმოწმეების, „ოცნების“ ლიდერების თავდასხმების, ბრალდებების, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პროპაგანდის ფონზე.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების საელჩოები. მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ხოლო 2025 წლის 16 დეკემბერს მას ევროპარლამენტში გადასცეს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია.
„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტს რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაგზავნილი წერილით.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
