„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა.
ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ პოლიტიკოსს ციხეში მოსახდელი წლები არ დამატებია, რადგან მოსამართლემ შთანთქმის პრინციპი გამოიყენა:
„მოსამართლემ შთანთქმის პრინციპი გამოიყენა და სრულად შთანთქა წინა წელიწადმა და ექვსმა თვემ ეს სასჯელი. […] მტკიცებულებების სტანდარტი მიგვაჩნდა, რომ არ იყო. ერთი მხრივ, იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა, ეს ფრაზა ეკუთვნოდა თუ არა ნიკა მელიას, ასევე- ვიდეოჩანაწერი, რომლითაც არ ჩანდა ნიკა მელია დარბაზში. თუმცა მოსამართლემ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც, ჩვენი ღრმა რწმენით, იყო დაინტერესებული მხარე“, – ამბობს ადვოკატი „ნეტგაზეთთან“.
ნიკა მელიას ახალი ბრალდება 2026 წლის 9 თებერვალს წარედგინა. პროკურატურა აცხადებდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს, ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე მელიამ „სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა“.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას მისჯილი აქვს 1,5 წლით პატიმრობა. პარალელურად კი მიმდინარეობს ე.წ. საბოტაჟის საქმე, რომლის განხილვასაც, ადვოკატების ცნობით, მოსამართლე შემოდგომაზე განაახლებს. ნიკა მელიას ამ საქმეზე ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით.
