პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) ეხმაურება „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავს და კვლავ ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„ამაღლობელს — საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს — 2025 წლის 6 აგვისტოს, უსამართლო წინასწარ პატიმრობაში გატარებული 200-ზე მეტი დღისა და პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ჟურნალისტი, რომელსაც 2025 წელს IPI-ს „პრესის თავისუფლების მსოფლიო გმირის“ ჯილდო მიენიჭა, პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 34-წლიან ისტორიაში დააპატიმრეს. იგი უკვე 19 თვეა, პატიმრობაში იმყოფება, რა დროის განმავლობაშიც მისი ჯანმრთელობა და მხედველობა გაუარესდა.

2025 წლის 12 იანვარს ჟურნალისტი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით, რაც „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას“ გულისხმობს — მას შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველოს ქალაქ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე მან პოლიციის უფროსს სილა გააწნა.

წარდგენილი ბრალდების აშკარად არაპროპორციულმა ხასიათმა — რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა — ნათელი გახადა, რომ ვეტერანი ჟურნალისტი მიზანში ამოიღეს და დასაჯეს კორუფციაზე, პოლიტიკურ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე მისი მრავალწლიანი მუშაობისა და დამოუკიდებელი რეპორტაჟების გამო“, – ნათქვამია IPI-ს განცხადებაში.


დღეს, 2026 წლის 6 აგვისტოს, ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ.

მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი, სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელი ცრუმოწმეების, „ოცნების“ ლიდერების თავდასხმების, ბრალდებების, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პროპაგანდის ფონზე.

პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების საელჩოები. მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ხოლო 2025 წლის 16 დეკემბერს  ევროპარლამენტში გადასცეს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის.

„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტს რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაგზავნილი წერილით.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.