ორგანიზაცია Prague Civil Society Centre-ს განცხადებით, ერთი წლის შემდეგაც მზია ამაღლობელის განაჩენში სამართლიანი არაფერი გამხდარა.
ასე ეხმაურება ორგანიზაცია „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავს.
„ზუსტად ერთი წლის წინ ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მისთვის დაკისრებული სასჯელი გადაჭარბებული და პოლიტიკურად მოტივირებულია.
მისი რეალური „დანაშაული“ პრესის თავისუფლებისა და თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლა იყო. 2025 წლის იანვარში დაკავების შემდეგ მან 38-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა, რამაც საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობას. პატიმრობაში ყოფნისას მას მხედველობაც მნიშვნელოვნად გაუუარესდა.
მას შემდეგ მიენიჭა სახაროვისა და ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია, ასევე დასახელდა პრესის თავისუფლების მსოფლიო გმირად — ეს ყველაფერი პატიმრობაში ყოფნის პარალელურად. მისი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ერთი წლის შემდეგაც, ამ განაჩენში სამართლიანი არაფერი გამხდარა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მზიას და თითოეულ ჟურნალისტს საქართველოში, რომლებიც სიმართლის თქმისთვის ფასს იხდიან“, – ნათქვამია Prague Civil Society Centre-ს განცხადებაში.
დღეს, 2026 წლის 6 აგვისტოს, ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ.
მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელი ცრუმოწმეების, „ოცნების“ ლიდერების თავდასხმების, ბრალდებების, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პროპაგანდის ფონზე.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების საელჩოები. მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ხოლო 2025 წლის 16 დეკემბერს მას ევროპარლამენტში გადასცეს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია.
„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტს რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაგზავნილი წერილით.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
