„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდების საქმეზე წარდგენილი რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა.

 „დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან. 2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლომ უარი თქვა მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე და გამოიტანა დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი.

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი რიგით მეოთხე საჩივარი შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საია დავობს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს და წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომელიც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯას და განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოების დაშინებას“, – წერია განცხადებაში. 

სტრასბურგის სასამართლოში საიასთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს ედვარდ ფიცჯერალდი (დოუთი სთრითის პალატების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წამყვანი ბრიტანელი ბარისტერი, რომელიც სპეციალიზირდება სისხლის სამართალში, საჯარო და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში).

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული საჩივარი 2026 წლის 26 ივნისს გაიგზავნა და, როგორც საიას ახლახან ეცნობა, სტრასბურგის სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 3 ივლისს, უკვე დაარეგისტრირა.

სტრასბურგის სასამართლოში საიას გაგზავნილი აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 3 საჩივარი:

  • პირველი საქმე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საქმის განხილვის არსებითი ნაწილი დასრულებულია;
  • მეორე საჩივარი უკავშირდება ადმინისტრაციულ დაკავებასა და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს;
  • მესამე საჩივარი ეხება არასათანადო მოპყრობასა და საქმის არაეფექტიან გამოძიებას.

დღეს, 2026 წლის 6 აგვისტოს, ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ.

მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელი ცრუმოწმეების, „ოცნების“ ლიდერების თავდასხმების, ბრალდებების, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პროპაგანდის ფონზე.

იხილეთ: