სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც სომხური მედია წერს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

მედიის ცნობითვე, სატელეფონო საუბარში ფაშინიანმა პუტინს უთხრა, რომ სომხური წარმოშობის პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სახელშეკრულებო-სამართლებრივ ბაზასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს და პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა.

რუსეთმა ამჯერად სომხური რძის პროდუქციის იმპორტი შეზღუდა

მანამდე, 26 ივნისს, როსსელხოზნადზორმა დროებით შეაჩერა კიდევ ორი სომხური საწარმოს სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეზღუდვები გავრცელდა სომხეთიდან რუსეთში თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტზეც.

შეზღუდვები მოსკოვმა ასევე სომხეთიდან ყვავილების, მინერალურ წყლის, ხილისა და ბოსტნეულის იმპორტზე დააწესა.