რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გათავისუფლებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე. ამ დროისთვის იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
როგორც სუსი აცხადებს, ცენტრალურმა ხელისუფლებამ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი გამოიყენა, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული “ცხელი ხაზი”.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს „სახელმწიფო საზღვრის დარღვევას“ ედავებოდნენ.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის (КГБ) პრესსამსახური იუწყება, რომ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა წინა დღეს დააკავეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერევის 59 წლის მცხოვრები მერაბ გაბაძე.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციითვე, “მან უნებლიეთ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთ-საქართველოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჯავის რაიონის ტერიტორიაზე”.
მათივე ცნობით, ორშაბათს იგი რეგიონის ფარგლებს გარეთ გააძევეს.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკის „სახელმწიფო საზღვარზე“ შესაძლო უკანონო გადაკვეთის ყველა მიმართულება სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
მოსკოვი და დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც აღნიშნული ბრალდებითა და რუსი სამხედროების ჩართულობით პერიოდულად აკავებს საქართველოს მოქალაქეებს, თბილისისგან “სახელმწიფო საზღვრის” ოფიციალურად დადგენას მოითხოვენ.
