ევროკომისია განმარტავს, რას უკავშირდება ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისთვის დაწესებული სანქციის ამოქმედების 6 თვით გადავადება.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები გადამმუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაციის ვალდებულება აიღეს. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ დავუშვით ექვსთვიანი გადავადება, რათა მფლობელებს რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაციის შესაძლებლობა ჰქონოდათ. თუ კომისია დაადგენს, რომ აღნიშნული ვალდებულებები შესრულდა, ყულევის ქარხანა [სანქცირებულთა] ჩამონათვალში აღარ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოს წარვუდგენთ წინადადებას სიაში მისი დატოვების თაობაზე“, — განაცხადა ევროკომისიის პრესსსპიკერმა შივონ მაკგარიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროსკოპის“ კითხვის საპასუხოდ.

რაც შეეხება კრიპტოპლატფორმებს, მაკგარი ვერ აკონკრეტებს, 14 სანქცირებული პლატფორმიდან რამდენია ქართული.

„სიაში ინდივიდუალურად შევიყვანეთ ზოგიერთი პლატფორმა, რომლებიც, ჩვენი ხედვით, სისტემატურად გამოიყენება ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით, რათა რუსეთმა შეძლოს ფულის მოძრაობა ჩვენი სანქციების დარღვევით. ჩვენ გვსურს, ბოლო მოვუღოთ ასეთ ქმედებებს. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ჩავრთეთ ახალი ღონისძიება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოგვიანებით სიაში შევიყვანოთ ქვეყანა, რომელიც, ჩვენი ხედვით, უფრო სისტემურად მასპინძლობს კრიპტო-პლატფორმებს, რომლებიც სანქციების არიდებისთვის გამოიყენება. ჩვენ შევძლებთ, ამ ქვეყნისთვის ტრანზაქციების აკრძალვის დაწესება მოვითხოვოთ, რაც ნიშნავს SWIFT-იდან მათ ამოღებას. ეს აშკარად იქნება საკმაოდ ძლიერი შემაკავებელი ინსტრუმენტი და სწორედ ეს გვინდა, რომ მოხდეს. ჩვენ გვსურს, ქცევის შეცვლა ვიხილოთ. ეს მექანიზმი ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ აგვიმოქმედებია, თუმცა პაკეტში ჩავდეთ და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში გავააქტიუროთ“, — განაცხადა მაკგარიმ.

23 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. სანქციები შეეხო ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას და კრიპტოპლატფორმებს საქართველოდან. ყულევის ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა 6 თვეში შედის ძალაში.

 

EU-მა ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმები დაასანქცირა