საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მედიებთან აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა.
უცნობი რჩება, რა გახდა ღამით ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვის მიზეზი.
„მიზეზები ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, დრო სჭირდება. არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, რომ დადგინდეს მიზეზი, ამას სჭირდება დრო“, – უთხრა „ტვ პირველს სახელმწიფო ელექტროსისტემის პრესსამსახურმა.
10 საათის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაშიც სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა „ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა“, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მიაწოდებდნენ ინფორმაციას.
24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ელექტროენერგიის გარდა მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა წყალიც.
GWP-მ ღამით განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, წყალმომარაგება სრულად აღდგება ჯივიპის სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე“, – ეწერა განცხადებაში.
