რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კონსტანტინ ზატულინი აცხადებს, რომ რუსი ქალის ცემაში ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის მხარდამჭერი აქცია საქართველოს იმიჯს აზიანებს.
„ადამიანმა, რომელმაც ზიანი მიაყენა სხვა ადამიანს, მიუხედავად მისი ეროვნებისა და მოქალაქეობისა, პასუხი უნდა აგოს, თუკი საქმე მხოლოდ ამას ეხება. ეჭვგარეშეა, რომ ისინი, ვინც მას „თავისიანის არგაცემის“ პრინციპით ამართლებენ, უბრალოდ აზიანებენ თვითონ საქართველოს იმიჯს. თუმცა, ჩემი აზრით, მოძალადის მეგობრების საქციელის განზოგადება თბილისში მცხოვრებ ყველა ადამიანზე ან მთელ საქართველოზე არ ივარგებდა“, — განაცხადა ზატულინმა.
ზატულინის განცხადებით, თუკი გიორგი ჭიღლაძე ნამდვილად დამნაშავეა და მას საქართველოში არ დასჯიან „იმის გამო, რომ თავისიანია“, ეს სიტუაცია „გავლენას იქონიებს რუსეთში მყოფი ადამიანების მოტივაციაზე, რომლებიც საქართველოში გამგზავრებას გეგმავდნენ“.
19 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქალაქ თელავის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარი კონფლიქტის შემდეგ რუსულენოვან ტურისტს დაარტყა. უწყების მონაცემებით, დასასვენებლად მყოფმა უცხოელმა მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში დამსწრე ადამიანებს და აპარატურას წყალი დაასხეს. ამის შემდეგ ბრალდებულმა უცხოელი ქალის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა. ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეჩხუბება მამაკაცი (რომელმაც საკუთარ თავს სიძის ძმა უწოდა) სასტუმროს ნომრის ზღურბლთან რუსულად მოლაპარაკე ქალს, რის შემდეგაც მას სახეში ურტყამს.
დაკავებულის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა, TASS-ს დაუდასტურა, რომ დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. მას ასევე აქვს თურქეთის მოქალაქეობა.
