ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოავლინეს 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქისგან შეიძინა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის პროდუქცია, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ სამაცივრე საწყობში ინახავდა და ეტაპობრივად საკუთარ ხორცის მაღაზიაში გადაჰქონდა გაყიდვის მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებულის კუთვნილი მაღაზიიდან და სამაცივრე საწყობიდან დიდი ოდენობით ვადაგასული პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.