ბრიტანეთის მოქალაქე მეთიუ როი დესმონდსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეულია.

შეთანხმება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დაამტკიცა. მეთიუ როი დესმონდი დამნაშავედ იქნა ცნობილი, მას დაეკისრა 100 000 ლარის ჯარიმის გადახდა, მიესაჯა საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 20 წლის ვადით.

ომის ვეტერანი საქართველოში დააკავეს ბრალდებით, რომ ქვეყანაში „დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები უკანონოდ შემოიტანა“. ამას დაცვის მხარე უარყოფდა.

ადვოკატების განცხადებით, ომის ვეტერანს ექიმის დამოწმებული დანიშნულება ჰქონდა ყველა იმ მედიკამენტზე, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა და რაც საქართველოში არალეგალურად ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანად ჩაეთვალა. თუმცა პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ეს რეცეპტები თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული არ ყოფილა. მათივე ცნობით, მეთიუ როი დესმონდს ხერხემლის ტრავმა აქვს: საპროცესო შეთანხმების გარეშე მეთიუ როი დესმონდს საქართველოში 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული დესმონდი საიმიგრაციო სამსახურის ხელში გადადის ქვეყნის დატოვების მომენტამდე.