ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის არის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირი.
ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ დღეს, 15 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა.
ასევე, დაკავებული არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით სამართალდამცველებმა მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცავებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის:,,მეთადონი”, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ და სხვა.
ასევე, პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ამას ადასტურებს მიმდინარე წლის ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები. საანგარიშო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5000-მდე პირი, მათ შორის არის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1000-მდე პირი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნარკორეალიზაციაში ჩართული პირების მიმართ საპოლიციო დანაყოფები მომავალშიც კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებენ“, – განაცხადა დავით კიკნაძემ.
