რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) მოსკოვის ოლქში დრონების მასშტაბური თავდასხმის აღკვეთის შესახებ განაცხადა, იუწყება “მედუზა”.

მის ერთ-ერთ ორგანიზატორად კი დაასახელა უკრაინელი რეპერი, სასცენო სახელით Kyivstoner (კიივსტონერი).

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ შეძლო დრონების მასიური თავდასხმის თავიდან აცილება სტრატეგიულ საწარმოზე, რომელიც „მოსკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტში“ მდებარეობს, იუწყება TASS.

დაზვერვის სააგენტოს თანახმად, თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) დაგეგმა. FSB ამტკიცებს, რომ დაგეგმილი იყო 35 დრონის დისტანციურად გაშვება ქარხნის მახლობლად მდებარე ანგარიდან. გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ბრატისლავიდან ბელარუსის გავლით მოსკოვის ოლქში ესპანური კერამიკული ფილების ტვირთის საფარქვეშ ჩაიტანეს.

სააგენტოს განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, რომელმაც დრონების შესანახად ანგარი იქირავა, დაკავებისას ორმხრივი სროლის დროს მოკლეს, ხოლო თავდასხმის სავარაუდო შემსრულებელი (მისი ეროვნება არ სახელდება) დაკავებულია.

FSB ამტკიცებს, რომ თავდასხმის ორგანიზებაში ჩართული იყო უკრაინელი რეპერი ალბერტ ვასილიევი, იგივე Kyivstoner. სააგენტოს არ დაუზუსტებია მისი კონკრეტული როლი.

თავად ვასილიევმა FSB-ს პრესრელიზთან დაკავშირებით თავის Instagram-ის ანგარიშზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “ეს რა ჯანდაბაა?!” (ორიგინალში: “What the fuck?!”).

ალბერტ ვასილიევი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პროექტ “გრიბის” (Griby) წევრი, რომელიც მან 2017 წელს დატოვა. ომის დაწყების შემდეგ ვასილიევი კიევიდან აშშ-ში გადავიდა. მისმა მეუღლემ განაცხადა, რომ ის ფინანსურად ეხმარებოდა უკრაინის არმიას. 2025 წელს რეპერმა ინტერვიუ მისცა იური დუდს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.