თბილისში ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მის ნათესავ კაცს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და იგი ძებნაში მიეცემა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 25 ივნისს, ღამის დაახლოებით 10 საათზე, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, 30 წლის ემინ ელიევმა „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“, გაგუდა 21 წლის ფატიმა კარიმოვა, რომლის ბიძაშვილიცაა.

„2026 წლის 03 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი, ასევე, აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვას უზღუდავდა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას; უკრძალავდა ოჯახის წევრებთან და მისთვის სასურველ ადამიანებთან კომუნიკაციას, უზღუდავდა სახლიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

აღნიშნულის გამო ფატიმა კარიმოვა ცდილობდა დაეტოვებინა ემინ ალიევის მიერ ნაქირავები, მათი საერთო საცხოვრებელი ბინა, თუმცა აღნიშნულის საშუალება მას ემინ ალიევისაგან დამოუკიდებლად არ ჰქონდა, ვინაიდან ემინ ალიევი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს მისი სახლიდან გაშვების, სხვა პირებთან კომუნიკაციისა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც კი, რითაც ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვასთვის თავისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დამტკიცებას უკანონოდ ცდილობდა“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფატიმას მკვლელობის შემდეგ ემინ ელიევი, სავარაუდოდ, თურქეთში გაიქცა. მას ბრალდება საქართველოს პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო). აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალის წარდგენისა და სასამართლოს შესაბამისი განჩინების შემდეგ, ელიევი ძებნაში მიეცემა.

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ემინ ელიევი თურქეთში უკვე დაკავებული უნდა იყოს, თუმცა თურქული ღია წყაროებით ეს ჯერ არ დასტურდება.

აზერბაიჯანულმა სააგენტო АPА-მ, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ოფიციალურ პასუხზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები ელიევის დაკავებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს საქართველოს პროკურატურას და გამოთქვეს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებას სრულად გაუწიონ სამართლებრივი და სხვა სახის დახმარება საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

საზოგადოებამ აზერბაიჯანელი ფატიმას მკვლელობის შესახებ ორგანიზაცია „საფარის“ განცხადების შემდეგ შეიტყო.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აზერბაიჯანიდან საქართველოში შეყვარებულის დაპირებით ჩამოვიდა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრებასა და მუშაობას ჰპირდებოდა. მისი თქმით, მოგვიანებით მამაკაცმა ქალზე ფიზიკურად იძალადა, ქუჩაში დატოვა და თავად აზერბაიჯანში დაბრუნდა.

როგორც პატარაია წერს, დაზარალებული ერთმა სომეხმა ქალმა შეიფარა, რომელიც მის ახლობლებსაც დაუკავშირდა. მოგვიანებით ახალგაზრდა ქალი აზერბაიჯანიდან ჩამოსულმა მამაკაცმა ბინაში გადაიყვანა იმ დაპირებით, რომ დროებით დაეხმარებოდა, თუმცა რამდენიმე დღეში ის გაუჩინარდა.

უფლებადამცველის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გოგონას თავისი და აზერბაიჯანიდან ვეღარ დაუკავშირდა, სომეხმა ქალმა ბინასთან მიაკითხა. მეზობლების თქმით, წინა ღამით ბინიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. პოლიციამ ბინის კარი გააღო და ქალი გარდაცვლილი იპოვა.

ორგანიზაცია „საფარმა“ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მიმართა საქართველოს პროკურატურას და საქმეში დაზარალებულის დის ინტერესების წარმომადგენლად ჩართვა მოითხოვა, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ნეტგაზეთმა“ მიმართა პროკურატურას კითხვებით, რა ინფორმაციას ფლობენ თურქეთში ელიევის დაკავების შესახებ და ასევე საქმეში „საფარის“ ჩართვის თაობაზე. თუმცა უწყებაში უარს ამბობენ ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარებაზე, რაც ოფიციალურ პრესრელიზში არ უწერიათ, მიზეზით, რომ „არ ვფლობთ დამატებით ინფორმაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რა კითხვა გაქვთ“.