დღეს, 6 ივლისს, დილიდან, სომხეთში სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ ყოფილი დეპუტატის და ბიზნესმენის, გაგიკ ცარუკიანის საცხოვრებელ სახლში. ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა მისმა პრესსპიკერმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ივეტა ტონოიანიმ.
ბიზნესმენ წარუკიანის პარტია “აყვავებული სომხეთი“ (Prosperous Armenia) სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა გამსვლელი 4% ვერ დააგროვა.
მის წინააღმდეგ წლებია დაწყებულია გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო ბიზნესსაქმიანობისა და გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. თავად წარუკიანი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ცოტა ხნის შემდეგ ტონოიანმა ახალი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებების მასშტაბი გაცილებით ფართოა.
„ამჟამად ფართომასშტაბიანი ჩხრეკები მიმდინარეობს კონცერნ „მულტი გრუპის“ Multi Group შემადგენლობაში შემავალი თითქმის ყველა კომპანიის ოფისში, ასევე ამ კომპანიების დირექტორების საცხოვრებელ ბინებში“, – დაწერა ივეტა ტონოიანმა.
გამოცემა „Hetq“-ის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ფულის გათეთრების საქმეზე ტარდება მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში დამატებით დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ. უწყების პრესსპიკერის, კიმა ავდალიანის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ხოლო ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
