25 ივნისს, დილით, სალონიკიში ჩატარებულისპეცოპერაციის შედეგად, ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს. ნაძარცვის საერთო რაოდენობა 585 000 ევროს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს პოლიციაზე დაყრდნობით.

პოლიციის ცნობით, ჯგუფის წევრები ფეშენებელურ საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ, იყენებდნენ სპეციალურ ინსტრუმენტებს  და შემთხვევის ადგილზე თითქმის არ ტოვებდნენ კვალს.

როგორც იუწყებიან, დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი, 36 და 24 წლის მამაკაცები, დანაშაულის ჩადენისას დააკავეს. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ასევე დადგენილია ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, 39 წლის, ასევე, საქართველოს მოქალაქის ვინაობა, რომელიც იძებნება. ამასთან, გრძელდება გამოძიება სხვა თანამზრახველების გამოსავლენადაც.

პოლიციის ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცი სწორედ იმ მომენტში დააკავეს, როდესაც ბინაში შეღწევის შემდეგ უკვე აღებული ჰქონდა დაახლოებით 55 000 ევროს ღირებულების სამკაულები, ვერცხლის ნაკეთობები და მონეტები.

24 წლის მამაკაცი ოდნავ მოგვიანებით, ახლომდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, იგი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან მეთვალყურის ფუნქციას ასრულებდა და თანამზრახველებს საფრთხის შესახებ ატყობინებდა.

ბერძნული პოლიციის თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯგუფი სულ მცირე 2025 წლის დეკემბრიდან მოქმედებდა. მათი სქემა ითვალისწინებდა კონკრეტული ტიპის უსაფრთხოების საკეტების მქონე ბინების შერჩევას, დაკვირვებას მცხოვრებლების ყოველდღიურ გადაადგილებაზე, შენობის გარეთ მუდმივი მეთვალყურის დატოვებას, რომელიც შესაძლო საფრთხის შემთხვევაში მათ შეტყობინებას გაუგზავნიდა.

გარდა უშუალოდ იმ ძარცვისა, რომლის დროსაც ეჭვმიტანილები დააკავეს, პოლიცია აცხადებს, რომ კიდევ რვა საცხოვრებელი ბინის გაძარცვის საქმე გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა, საერთო ჯამში, 531 360 ევროზე მეტი ღირებულების სამკაულები და სხვა ძვირფასი ნივთები, ასევე 54 000 ევროზე მეტი ოდენობის ნაღდი ფული მოიპარეს. პოლიციის შეფასებით, ნაძარცვის საერთო ღირებულება 585 000 ევროს აღემატება.

დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო:

  • სხვადასხვა ტიპის 253 გასაღები და 7 უნივერსალური გასაღები;
  • 17 პლასტმასის ბარათი, რომლებიც კარების გასაღებად გამოიყენება;
  • საკეტების გასახსნელი მაგნიტური გასაღები;
  • ბრილიანტების დეტექტორი;
  • პორტატული რადიომიმღები;
  • ელექტრობურღი და სხვა ინსტრუმენტები, რასაც ძარცვისას იყენებდნენ;
  • ასევე სხვადასხვა ბრენდული ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც, პოლიციის ვარაუდით, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად იყო მოპოვებული.