ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა გეგმავს, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან სრულად თქვას უარი რუსული ნავთობის გადამუშავებაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას მისი მფლობელი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ (Black Sea Petroleum) ავრცელებს.
„მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია დაიწყებს სრულიად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს გზას გაუხსნის „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას მაღალმარჟიანი ბაზრებისკენ.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს ქარხნის განვითარებას სტრატეგიული გეგმის შესაბამისად და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის პროექტში იყო შეყვანილი, თუმცა საბოლოოდ ის სანქციებს გადაურჩა.
კერძოდ, თებერვალში Reuters წერდა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამუშავების გამო ყულევის პორტისთვის სანქციების დაწესებას აპირებდა, რითაც ევროკავშირის კომპანიებსა და კერძო პირებს მასთან ოპერაციების განხორციელებას უკრძალავდა.
მარტში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილi წერილი გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყულევის პორტის სანქციების პაკეტიდან ამოღება გადაწყდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ პოზიცია მას შემდეგ გადაიხედა, რაც საქართველოს მთავრობამ და პორტის ოპერატორმა „პოზიტიური ვალდებულებები“ აიღეს.
როგორც ცნობილია, საქართველოში ექსპორტისთვის საჭირო ნავთობი არ მოიპოვება, თუმცა გასული წლის ბოლოსკენ ყულევში ამოქმედდა ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც ნედლ ნავთობს ყიდულობს და მას გადაამუშავებს.
გასული წლის ოქტომბერში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარხანამ რუსეთიდან იყიდა ნედლი ნავთობი.
ყულევის ნავთობტერმინალი და ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ორი სხვადასხვა ობიექტია და ერთმანეთისაგან დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილითაა დაშორებული.
ყულევის ნავთობტერმინალი აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია „სოკარს“ ეკუთვნის, ხოლო ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც ახლაც მშენებლობის ეტაპზეა, „ბლექ სი პეტროლიუმს“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი, დიზაინერ მაკა ასათიანის კომპანიაა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ბლექ სი პეტროლიუმის“ წილის 70.66%-ს ფლობს შპს „მკ კაპიტალი“, ხოლო 29.34%-ს შპს „დუნამის“.
თავის მხრივ, შპს „მკ კაპიტალის“ 70%-ის წილის მფლობელია მაკა ასათიანი, ხოლო 30%-ს ფლობს შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“.
რაც შეეხება შპს „დუნამის“, კომპანიის 100%-იან წილს დავით ფოცხვერია ფლობს, რომელიც ამავდროულად არის „ბლექ სი პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორი.
ამ თემაზე:
