პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარა ჟურნალისტი ნატა ლომაძე. ის უწყებაში დღეს, 2 ივლისს, 16:00 საათზე მივა.
„რა თქმა უნდა, ვაპირებ, მივიდე და პასუხები გავცვე ყველა კითხვას, რომელიც შეიძლება ჰქონდეს გამომძიებელს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რა შეკითხვები შეიძლება არსებობდეს, იმდენად აბსურდულია სამართლებრივად ეს საქმე“, – ამბობს ნატა ლომაძე „ფორმულასთან“.
მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდა ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი.
რა ხდება?
პროკურატურის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს ცრუ დასმენის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
უწყება ამბობს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.
საქმე ის არის, რომ „შაბათის ფორმულას“ წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, „2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სუს-თან შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა“.
ხაინდრავაც და პროკურატურაც მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია იმისათვის, რომ აღიძრას საქმე „ცრუ დასმენაზე“.
ამ საქმის პარალელურად გოგა ხაინდრავას სამოქალაქო დავაც აქვს „ფორმულას“ წინააღმდეგ. სარჩელით მოთხოვნილია გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
„ფორმულას“ იურისტის განცხადებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, გოგა ხაინდრავას მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.
