მამუკა მდინარაძის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემას ყიდულობენ.
ამის შესახებ მან დღეს, პირველ ივლისს, გამართულ ბრიფინგზე იმ დროს განაცხადა, როცა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საუბრობდა.
მდინარაძის თქმით, ბოლო პერიოდში სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების (დაშიფვრის) მქონე მოდულით.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს და ის თავის შესაძლებლობებით გამორჩეულია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირების დასაცავად, მდინარაძე პასუხობს, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„თქვენ რა ვერსიაც თქვით, ასე რომ იყოს ან არ იყოს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მსოფლიოში ნებისმიერი სპეცსამსახური, თუ მას ამის მატერიალური შესაძლებლობა და ნება აქვს, ცდილობს, რომ ასეთი ულტრათანამედროვე სისტემები შეიძინოს იმისათვის, რომ თანამდებობის პირი იქნება, ჩატარებული ფორუმი იქნება, დიპლომატიური მისია იქნება ჩამოსული თუ ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური მისიების დაცვის ღონისძიებები იქნება თუ სხვა ნებისმიერი ღონისძიება, ამ ობიექტების დასაცავად იყოს შეიარაღებული ულტრათანამედროვე ტექნიკით. ეს არის ელემენტარული და მარტივი გადაწყვეტა, როდესაც ამის საშუალება გაქვს, რომ შეიძინო ასეთი სისტემა. მხოლოდ მატერიალურ საშუალებას არ ვგულისხმობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
