რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აფხაზეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა.

შესაბამისი განკარგულება დღეს, 26 ივნისს რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია: „ვიაჩესლავ ვლადიმირის ძე გლადკოვი დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აფხაზეთის რესპუბლიკაში.“

აფხაზეთში რუსეთის ელჩად დანიშვნამდე ვიაჩესლავ გლადკოვი რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა.

2020 წელს იგი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ხოლო 2021 წელს რეგიონის გუბერნატორად აირჩიეს. ამ თანამდებობას 2026 წლის მაისამდე იკავებდა.

როგორც გამოცემა Meduza წერს, მისი წყაროების ინფორმაციით, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არიან დაახლოებული, ვიაჩესლავ გლადკოვის მოსკოვში გადაყვანის საკითხი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განიხილებოდა. წყაროების ცნობით, საუბარი იყო რუსეთის მთავრობის ან სახელმწიფო დუმის სტრუქტურებში მის შესაძლო დანიშვნაზე.

ამავე წყაროების შეფასებით, გლადკოვის დანიშვნა აფხაზეთში რუსეთის ელჩად „ლოგიკური გადაწყვეტილებაა“.

Meduza-ს ინფორმაციით, გლადკოვი სარგებლობს კრემლის პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელის, სერგეი კირიენკოს გარემოცვის მხარდაჭერით. სწორედ კირიენკოს პასუხისმგებლობის სფეროში შედის აფხაზეთის მიმართულება.

2022 წლიდან აფხაზეთში რუსეთის ელჩის თანამდებობას მიხაილ შურგალინი იკავებდა.