სანამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი შვეიცარიაში “ირანელ ხალხთან ურთიერთობის ტრანსფორმაციას” ცდილობს, ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს თავდასხმით ემუქრება.
რამდენიმე საათის წინ, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანს “ძალიან ძლიერად” დაარტყამს იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეაჩერებს “მაღალანაზღაურებად” პროქსი ძალებს ლიბანში. საუბარია აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰეზბოლაზე.
იმ დროს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ირანს შორიდან ემუქრებოდა, ვიცე-პრეზიდენტი შვეიცარიაში, მათთან მოლაპარაკების მაგიდაზე იჯდა.
ზოგიერთ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის მუქარის შემდეგ ირანის დელეგაციამ მოლაპარაკება დატოვა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა. BBC-ის ცნობით, მოლაპარაკება შეჩერდა, თუმცა არ დასრულებულა. ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არცერთ მხარეს არ გაუვრცელებია.
21 ივნისს, შვეიცარიაში, ლიცერნის ტბის მახლობლად ბუერგენშტოკის კურორტზე გაიხსნა ოთხმხრივი შეხვედრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. აშშ-სა და ირანის გარდა მოლაპარაკებებში მონაწილეობს პაკისტანი და კატარიც. ეს უკანასკნელი არის შუამავალი – შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდრული კურორტი ბუერგენშტოკი, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სწორედ კატარის საკუთრებაა.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ჰორმუზის სრუტეა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუბარი შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამასაც.
Reuters-ის ინფორმაციით, ჯეი დი ვენსი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ერთმანეთს პირადად არ შეხვედრიან. მოლაპარაკებების დაწყებამდე გადაღებულ ფოტოებში, რომელიც მედიაში ვრცელდება ჩანან მხოლოდ აშშ-ის, პაკისტანისა და კატარის ლიდერები.

