ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტაჯიკეთში ვიზიტისას 11 ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის და ირაკლი კობახიძეს შორის გაფორმდა ერთობლივი კომუნიკეც.

ადმნისტრაციის ცნობით, კომუნიკეში მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შექმნაზე შეთანხმების ხელმოწერას და ხაზი გაუსვეს მისი აქტიური მუშაობის მნიშვნელობას ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

მათივე ცნობით, კომინიკეში მხარეებმა დაადასტურეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პრიორიტეტულობა და გამოხატეს სურვილი, ხელი შეუწყონ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ზრდას, ექსპორტისა და იმპორტის დივერსიფიკაციას, აგრარული, ინოვაციის და ენერგეტიკის სექტორების განვითარებას, ასევე სამრეწველო თანამშრომლობას სამთო მეტალურგიის, მსუბუქი და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროებში.

„მხარეებმა აღნიშნეს ციფრული ეკონომიკის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა და დაინტერესდნენ ამ სფეროებში მოწინავე პრაქტიკის გაცვლით. მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და ხაზი გაუსვეს მისი აქტიური მუშაობის მნიშვნელობას ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარებას, ერთობლივი საწარმოების შექმნას და ორმხრივი ინვესტიციების დაცვას,“- აღნიშნულია დოკუმენტში კობახიძის ადმინისტრაციის თანახმად.

ამასთან, კობახიძის თქმით, საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანი. მისი თქმით, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან თანამშრომლობის გაღრმავება.

„სრულდება ჩვენი ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ტაჯიკეთში, შესაბამისად, ამ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთელი ამ ისტორიის მანძილზე სულ 3 შეთანხმება იყო ხელმოწერილი ორ ქვეყანას შორის. გუშინ ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან და ასევე, არის პერსპეტივა იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, ასევე თანამშრომლობა განათლების, კულტურის სფეროში.

ამ ყველაფერს ეხება ის შეთანხმებები, რომლებსაც მოვაწერეთ ხელი. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და ჩვენს თითოეულ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, შემდეგი ვიზიტი ყაზახეთში ექნება, ივლისში კი საქართველოში უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები ჩამოდიან.

„ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. იცით, რომ დიდი ინვესტიციები იდება ამ ყველაფერში დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში, ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას როგორც მეზობელ ქვეყნებთან, იცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.