საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, სომხეთში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ამომრჩეველს პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის რეალური არჩევანის შესაძლებლობა მისცა და პროცესი კარგად ორგანიზებული იყო.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ყურადღებას ამახვილებს სომხეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე.  საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ სომხეთში საარჩევნო კამპანიისას ოპოზიციური ძალების სასარგებლოდ რუსეთის მხრიდან პირდაპირი ზეწოლა ხდებოდა.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირდა პირდაპირი ზეწოლა საზღვარგარეთიდან, სავაჭრო შეზღუდვების ესკალაციისა და უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული მუქარების სახით, რაც მიზნად ისახავდა ამომრჩევლებზე არამართლზომიერ გავლენას ოპოზიციური ძალების სასარგებლოდ.

კამპანია იყო უკიდურესად კონფრონტაციული, განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით და აღინიშნებოდა ხმების მოსყიდვისა და სხვა საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრალდებებით. ამ უკანასკნელმა გამოიწვია მრავალი სისხლისსამართლებრივი დევნა ოპოზიციონერი კანდიდატებისა და აქტივისტების მიმართ, რის შედეგადაც ოპოზიციის ბევრმა მხარდამჭერმა თავი შეიკავა კამპანიაში აქტიური მონაწილეობისგან. ამ ფაქტმა, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე დასწრების მიზნით საჯარო სექტორის თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლასა და ახლახან შემოღებულ სოციალურ და ეკონომიკურ ზომებთან ერთად, გააჩინა შეშფოთება საარჩევნო კამპანიის წარმოებისას თანაბარი შესაძლებლობების არსებობასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ბაზა მყარ საფუძველს ქმნის დემოკრატიული არჩევნებისთვის, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია სარგებლობდა დაინტერესებული მხარეების ნდობით. წინასაარჩევნო კამპანიისას ფინანსებზე არასაკმარისმა ზედამხედველობამ და რეგულირებამ შეზღუდა გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა.

პოლარიზებულმა მედიაგარემომ, მიკერძოებულმა გაშუქებამ და მანიპულაციური კონტენტის გამოყენებით წარმართულმა ონლაინ-კამპანიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ხელმისაწვდომობაზე მიუკერძოებელ და სანდო ინფორმაციაზე.

არჩევნების დღის პროცედურები აბსოლუტურად პოზიტიურად შეფასდა დაკვირვების ქვეშ მყოფი საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში.

არჩევნები ჩატარდა პლურალისტურ და ძალზე პოლარიზებულ გარემოში. პოლიტიკური დებატები კონცენტრირებული იყო ისეთ განხეთქილების გამომწვევ ნარატივებზე, როგორიცაა „ომი თუ მშვიდობა“, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია, მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმა და ქვეყნის მომავალ გეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები“, – ნათქვამია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნების წინ ეს განხეთქილება გამოყენებულ იქნა პირდაპირი ზეწოლისა და უცხოური ჩარევის საფუძვლად. მათ შორის იყო რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ და უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული მუქარები.

„რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირები სომხეთს ემუქრებოდნენ ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემებით ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების არჩევის შემთხვევაში. ეს ხდებოდა იმ ადრინდელი ცნობების ფონზე, რომლებიც მიუთითებდა სომხეთის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეებისა და კოორდინირებული უცხოური გავლენის ოპერაციების ზრდაზე[…]

წინასაარჩევნო კამპანია იყო აქტიური და დიდწილად მშვიდობიანი, მაგრამ ძალზე პოლარიზებული და კონფრონტაციული, მძაფრი რიტორიკის განმეორებითი გამოყენებით, მათ შორის მმართველი პარტიის პირველი ნომრის მხრიდან. კამპანია ფოკუსირებული იყო მშვიდობის, აზერბაიჯანთან ურთიერთობების, რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკისა და ანტიკორუფციულ გზავნილებზე, ხოლო რამდენიმე უცხოელმა ლიდერმა საჯარო განცხადებებითა და მხარდაჭერით გამოხატა პოზიცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

მთელი კამპანიის განმავლობაში არსებობდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან პირდაპირი ზეწოლა, სავაჭრო შეზღუდვების ესკალაციისა და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით მუქარის სახით“, – ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ დასკვნაში.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დროს გაიზარდა საზღვარგარეთიდან მომდინარე კოორდინირებული დეზინფორმაციული ოპერაციები.

„ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა არაავთენტური ანგარიშების მიერ გავრცელებული მანიპულაციური და ყალბი კონტენტი, რომელიც მიზნად ისახავდა მთავრობისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას, თუმცა მას წამყვანი ადგილი არ დაუკავებია საარჩევნო დებატებში.

ეს შეესაბამება ფაქტების გადამმოწმებელი მრავალი ორგანიზაციის დასკვნებს, რომლებმაც დააფიქსირეს საზღვარგარეთიდან მომდინარე კოორდინირებული დეზინფორმაციული ოპერაციების ზრდა. მთლიანობაში, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მზადყოფნის, უწყებათაშორისი და სამთავრობო თანამშრომლობის გასაძლიერებლად და პლატფორმებისთვის შეტყობინებების გასაგზავნად პრობლემების შესახებ, თუმცა ამ ძალისხმევის გამჭვირვალობა და ეფექტურობა შეზღუდული იყო იდენტიფიცირებული დეზინფორმაციისა და მის აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ნაკლებობის გამო“, –  ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ დასკვნაში.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, გარემო კიდევ უფრო პოლარიზებული გახდა მთავრობასა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ლიდერებს შორის არსებული დაძაბულობის, აგრეთვე რამდენიმე გამოჩენილი ოპოზიციონერი და რელიგიური მოღვაწის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის (მათ შორის წინასწარი პატიმრობის) გამო, რაც სხვა მიზნებთან ერთად მიმართული იყო კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად ხელისუფლების ძალადობრივი მიტაცებისკენ.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას  ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული რესურსების სისტემური ბოროტად გამოყენება არ დაუფიქსირებია, თუმცა მან შენიშნა და მიიღო მრავალი ბრალდება (რომელთაგან ზოგიერთი სანდოდ შეაფასა) ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ, რათა ისინი დასწრებოდნენ მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებებს.

„ამ ფაქტმა, ახლახან შემოღებულ ან ინიცირებულ სოციალურ და ეკონომიკურ ზომებთან ერთად, უპირატესობა მიანიჭა მმართველ პარტიას და შეამცირა კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობები, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს. ამავდროულად, რამდენიმე ბრალდება მიუთითებდა ზოგიერთი ეკონომიკური აქტორის მიერ ოპოზიციური პარტიების სახელით ამომრჩევლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

დაფიქსირდა ხმების მოსყიდვისა და სხვა საარჩევნო დარღვევების მრავალი ბრალდება, რომლებსაც ხელისუფლება პროაქტიულად იძიებდა. თუმცა ამ გამოძიებების ფოკუსირებამ მთავარი ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებსა და კანდიდატებზე გააჩინა სელექციური მართლმსაჯულების აღქმა და შეშფოთება კამპანიის შესაძლებლობებსა და მონაწილეობაზე გავლენის გამო“, –  ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ დასკვნაში.

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, სომხეთის ახალ ეროვნულ კრებაში (პარლამენტში) წარმოდგენილი იქნება სამი პოლიტიკური ძალა: ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ [49.81%] 64 მანდატით და ორი პრორუსული ძალა -რუსი ოლიგარქისა და ბიზნესმენის პარტია „ძლიერი სომხეთი“ [23.29%] და ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ [9.94%]– 29 და 12 მანდატებით.

მმართველი პარტიისა და ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური კურსის გამო, ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებისა და სომხეთის ეკონომიკის ღრმა კრიზისის პროგნოზს აკეთებდა.

ცხადი პროდასავლური პოლიტიკური კურსის გამო, ფაშინიანს პირდაპირი და ირიბი მესიჯებით მოსკოვიც ემუქრებოდა და “უკრაინის გზას” ახსენებდა.

ამასთან, არჩევნებამდე გამოქვეყნდა რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, მოსკოვი სხვადასხვა გზით და ქსელით ერეოდა სომხეთის არჩევნებში გავლენის მოსახდენად.