უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მასთან შესახვედრად კიევში რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი იყო ჩასული.

როგორც ზელენსკი აცხადებს,  აბრამოვიჩს უთხრა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შესახვედრად.

ზელენსკის განცხადებით, რუსულ მხარეს აინტერესებს, რისთვის არის მზად კიევი.  მისი თქმით, აბრამოვიჩთან კომპრომისების შესახებაც ისაუბრა და უთხრა, რომ ყოველგვარი კომპრომისი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„აბრამოვიჩი კიევში ჩამოვიდა. მან თქვა: „მე მაქვს გზავნილი პირადად თქვენთვის და მსურს, მივიღო პასუხი, რათა თქვენი გზავნილი პუტინს წავუღო“. თუმცა დასძინა, რომ ეს ყველაფერი ჩუმად უნდა გაკეთებულიყო, ყოველგვარი საჯარო განცხადებების გარეშე. მე ვუთხარი: „მისმინე, ეს შენი არჩევანია. კარგი, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, საჯარო იქნება თუ არასაჯარო“. მაგრამ რუსებთან ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, თუ ისინი ამბობენ, რომ რაღაც მხოლოდ ჩვენ შორის უნდა დარჩეს, ეს ნიშნავს, რომ ხვალ ამის შესახებ არა მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება, არამედ საერთოდ აღარ იქნება საიდუმლო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, აბრამოვიჩს ასევე უთხრა, რომ უკრაინა დონბასიდან ჯარებს არ გაიყვანს.

„ის ჩამოვიდა და სურდა გადმოეცა გზავნილი, რომ მათ აინტერესებთ, რისთვის ვართ მზად. მე ვუთხარი: „მიზეზი ჩვენ არ ვართ. თქვენ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ წინააღმდეგ იბრძვით“. დონბასზეც ველაპარაკე, ეს კიევის პოზიცია იყო. ვუთხარი: „არა, ჩვენ არ წავალთ და არ დავტოვებთ ჩვენს ტერიტორიას. არა, ჩვენ ასე იოლად არ დაგითმობთ გამარჯვებას და თქვენ მას ვერ მიიღებთ“. ნებისმიერი სახის კომპრომისების შესახებაც ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ ყოველგვარი კომპრომისი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ცეცხლის შეწყვეტა კი ჩვენი მხრიდან თქვენი მიმართულებით გადადგმული ყველაზე დიდი კომპრომისია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აბრამოვიჩს პუტინთან შეხვედრისთვის მზადყოფნა დაუდასტურა, თუმცა, არა რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე.

მე ვუთხარი: „შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი დრო ხვალიდანვე. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ადგილი, ნებისმიერი ფორმატი. შეგიძლიათ აირჩიოთ პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ის მზად იქნება ჩამოსასვლელად, და შეგვიძლია ეს ევროპელებთან ერთადაც გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ყველას სურს დახმარება. ან შეგვიძლია ავირჩიოთ  უბრალოდ ორმხრივი შეხვედრა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაისში ზელენსკიმ აბრამოვიჩის საშუალებით ვლადიმირ პუტინს შეხვედრის შეთავაზების შესახებ გზავნილი გადასცა.

4 ივნისის ღია წერილში ზელენსკიმ პუტინს შესთავაზა თარიღის დანიშვნა და შეხვედრა ომის დასასრულებლად. მან ასევე მოუწოდა ევროპასა და აშშ-ს, ჩართულიყვნენ რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში.

5 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ წაიკითხა ზელენსკის ღია წერილი და „შეხვედრის გამართვის აზრს ვერ ხედავს“. რუსეთის ლიდერმა ასევე თქვა, რომ ზელენსკიმ მას შეხვედრა, სავარაუდოდ, რუსი ბიზნესმენის მეშვეობით სთხოვა.